კალაძე - "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ზე: "სად მაქვს ფილმის ყურების დრო"

თბილისის მერი კახა კალაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება და ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული“,- აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, უყურა თუ არა ფილმს, კალაძემ უპასუხა: „სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

ლევან აკინის ფილმის მიმართ წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება. მისი ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ექიმები გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საოკუპაციო ხაზთანაც მივლენ