საქართველოს მთავრობა აბაშიძე–კარასინის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგრი კარასინის პრაღაში გამართულ მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს უსაფრთხოებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. მან მოიყვანა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების უგულებელყოფის კონკრეტული მაგალითები. აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

ზურაბ აბაშიძის მხრიდან გამოითქვა წუხილი, რომ აღნიშნულ ფორმატში პროგრესი არ აღინიშნება.

პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები - ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული ვითარება. ამ კონტექსტში, განხილული იყო 2018 წლის შედეგები და მიმდინარე წლის პერსპექტივები. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სფეროებში ჩართულია მრავალი ქართული კომპანია, გამოითქვა წინადადებები მათი ინტერესების დაცვისა და პრობლემების მოგვარების მიზნით. საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. აღინიშნა, რომ შეთანხმების სრულფასოვანი ამოქმედების პროცესში პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. ასევე განხილული იყო ქონებრივი და ჰუმანიტარული საკითხები“,– ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამაც: http://www.accentnews.ge/ge/news/details/68079


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp