"დესტაბილიზაციის მთავარი წყარო დღეს საქართველოში არის არა „ქართული მარში", არამედ „ქართული ოცნება"

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წარმოამდგენელი კახა კოჟორიძემ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოჩვენებასთან დაკავშირებით გუშინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "დესტაბილიზაციის მთავარი წყარო დღეს საქართველოში არის არა „ქართული მარში", არამედ „ქართული ოცნება". 

"გუშინ ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივად მასობრივი არეულობა, დესტაბილიზაცია და მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვნახეთ "ქართული მარშის" ქმედებები, სინამდვილეში დესტაბილიზაციას მთავარი წყარო დღეს საქართველოში არის არა "ქართული მარში", არამედ "ქართული ოცნება". უკვე მერვე წელია, რაც "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში და ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ გამოავლინეს ვერც ცოდნა, ვერც სახელმწიფოებრივი გააზრების და ვერც კრიზისების მართვის უნარი. ჩვენ ვხედავთ ამ სამწუხარო მოვლენებს, რაც ვითარდება ამ ბოლო დღეების განმავლობაში და კიდევ ერთხელ ვიაზრებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რაც გამოავლინა მისი ხელისუფლებაში მართვის პერიოდში, ეს არის კრიზისების მართვის ე.წ. ორიგინალური უნარი - ეს გამოიხატება იმაში, რომ ერთი შექმნილი კრიზისი, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება არის "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი, გადაიფარება სხვა კრიზისით, სხვა კრიზისს იგონებს ერთი კრიზისის გადასაფარად", - განაცხადა კოჟორიძემ.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიაზრა, რომ არ უნდა წაახალისოს ძალადობრივი ჯგუფები, ხოლო "მანკიერი წრიდან" ერთადერთი გამოსავალი თავად ხელისუფლების შეცვლაა.

"კაცობრიობამ ათასობით წლის წინ, როდესაც პირველი სახელმწიფოები შექმნა, გაიაზრა, რომ ძალის გამოყენების ექსკლუზიური უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს და სხვა არც ერთ ჯგუფს სახელმწიფოში არ უნდა ჰქონდეს ძალის გამოყენების უფლება, ეს არის სახელმწიფოებრიობის ანბანური ჭეშმარიტება. მაგრამ 21-ე საუკუნეში "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიაზრა ის, რაც გაიაზრა კაცობრიობამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რომ არ შეიძლება, ძალადობრივი ჯგუფები წაახალისო, დააორგანიზო, ან როდესაც დანაშაულს სჩადიან, არ დასაჯო. არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, თუ გვინდა, რომ შეიცვალოს ეს მანკიერი წრე, რაც საქართველოშია თავად ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მოძრაობა "ლელოს" დაწყებული აქვს ეს პროცესი, ამ მიმართულებით მივდივართ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"