EMC: "სასწრაფოდ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ვასაძის და აქციის სხვა ლიდერების მიმართ"

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის წინააღმდეგ ულტრამემარჯვენე აქტივისტების აქციას ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს დროული სამართლებრივი ზომები ძალადობის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ ძალადობრივი ჯგუფების საქმიანობა არღვევს სამოქალაქო მშვიდობას და უსაფრთხოებას და სასიცოცხლო რისკების წინაშე აყენებს არა ერთ სოციალურ ჯგუფს, განსაკუთრებით ლგბტი ადამიანებს, რის გამოც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მიიღოს ადეკვატური სამართლებრივი ზომები მათი ლიდერების მიმართ და არ დაუშვას დანაშაულის შეწყნარება.

"EMC უთითებს, რომ შეკრების მართვის დროს პოლიციის მხრიდან დაშვებული იყო სტრატეგიული შეცდომა და მან სათანადოდ ვერ უზრუნველყო ძალადობრივი ჯგუფის დისტანცირება კინოთეატრის სიახლოვიდან, რის გამოც მან ამ სივრცეში პოლიციის კორდორებთან და კინოთეატრის შენობასთან მყოფ ვიზიტორებთან აშკარად ძალადობრივი განზრახვების მქონე შეკრების მონაწილეების ფიზიკური შეხებისა და საბოლოოდ, ძალადობის მაღალი რისკები შექმნა. არსებითი იყო პოლიციას კინოთეატრის შენობის სიახლოვეს არ დაეშვა შეკრების მონაწილეების მასების გადაადგილება და მათი მოძრაობა მოშორებით, მინიმუმ ფილარმონიის ტერიტორიასთან გაძლიერებული კორდონით/ტექნიკით ჩაეკეტა. პოლიციის ამ წინააღმდეგობის გარღვევის შემთხვევაში კი შეკრების მონაწილეების მიმართ ადეკვატური სამართლებრივი ზომები მიეღო", – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეცდომა იყო პრემიერამდე გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებების იგნორირება და მათზე გამოძიების არ დაწყება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებას და შეკრების ორგანიზატორების დაკითხვას პრევენციული ფუნქცია ექნებოდა და მათ ძალადობრივ ინიციატივებს შეზღუდავდა.

"ლევან ვასაძისა და ქართული მარშის მიერ წარსულში ორგანიზებული ძალადობრივი შეკრებების კონტექსტის, ასევე უშუალოდ შემთხვევის ადგილზე გაკეთებული დანაშაულის შემცველი განცხადებების გათვალისწინებით, აშკარა იყო, რომ ისინი გავიდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროდან და არსებითი იყო პოლიციის დროული და სათანადო რეაგირება მათ გადაადგილებაზე. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობრივი ჯგუფების შეკრების თავისუფლების დაცვისა და „ორივე მხარის“ ინტერესის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებდნენ და ამგვარად მათ მოქმედებას ლეგიტიმაციას აძლევდნენ",  - ნათქვამია განცხადებაში.

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას:

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ვასაძის, ქართლი მარშის ლიდერებისა და ძალადობრივი შეკრების სხვა ორგანიზატორების წინააღმდეგ;


ეფექტიანად და დროულად გამოიძიოს შეკრების მონაწილეების სხვა დანაშაულებრივი ინციდენტები შეკრების ადგილზე;

არსებითია დაიხვეწოს მასშტაბური აქციების საპოლიციო მართვის სტრატეგიები და ტაქტიკები და პოლიციამ რეალურად უზრუნველყოს სხვადასხვა ჯგუფების დაშორიშორება და ფიზიკური შეხების რისკების აღკვეთა.

პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას:

ძალადობრივი ჯგუფების შეწყნარებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, დროულად შეიმუშავოს სისტემური პრევენციული პოლიტიკა ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ;

შეიმუშავოს თანმიმდევრული საინფორმაციო და საგანმანათლებლო პოლიტიკა თანასწორობის და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად და ჰომოფობიის შესამცირებლად

პრემიერ-მინისტრმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა გააკეთონ თანასწორობის უპირობო მხარმდაჭერი განცხადებები, რომელიც შეაკავებს მზარდ ჰომოფობიურ რიტორიკას.

პოლიტიკურ ჯგუფებს:

გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობის წილი მსგავსი ძალადობრივი ჯგუფების რადიკალიზების პროცესში და საკუთარი რიტორიკა და პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო ინკლუზიური და სამართლიანი გახადონ.

მედიას:

სათანადოდ გაიაზროს რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების ლიდერებისთვის საჯარო ფორუმის შეუზღუდავი დათმობის რისკები და გაშუქების დროს გაიაზრონ რაციონალური, დემოკრატიული საჯარო დისკუსიის მნიშვნელობა.

საპატრიარქოს:

გაიაზროს ძალადობის შეწყნარების და ლეგიტიმაციის რისკები და საზოგადოებაზე მისი მაღალი გავლენების გათვალისწინებით, უპირობო მშვიდობაზე ორიენტირებულ იდეებს დაუჭიროს მხარი;

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლუკაშენკო კრემლს აკრიტიკებს: "მსგავსი კავშირი არავის სჭირდება"