„თუ რომელიმე ლოკაციაზე პოლიცია მოიხსნება, შევეცდებით ბილეთების ზონის გადაკვეთას და შუქის გამორთვას“

“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ დღეს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების დროს თუ რომელიმე კინოთეატრთან პოლიციის კორდონი მოიხსნება, ისინი შეეცდებიან ფილმის ჩვენების ჩაშლას.

„მთავარი ლოკაცია კინოთაეტრი „ამირანია“. სხვადსხვა კინოთეატრებთან იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები.  ჩვენ იქ არ ვლამობთ ხელის კვრას. პლაკატებით ვამხელთ, მაგრამ, თუ რომელიმე ლოკაციაზე პოლიცია მოიხსნება, ჩვენ შევეცდებით შესვლას, ბილეთების ზონის გადაკვეთას თუნდაც უკანონოდ და შუქის გამორთვას“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ამ დროისთვის ბისნესმენ ლევან ვასაძის მოწოდების შესაბამისად, ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლების და მხარდამჭერები ვერის პარკში იკრიბებიან. ისინი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ისევე, როგორც გუშინ, დღესაც და ხვალაც შეეცდებიან, ჩაშალონ ფილმის ჩვენება.

ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

ლევან აკინის ფილმის მიმართ წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება. მისი ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

როგორც გუშინ ლევან ვასაძემ განაცხადა, 9 –10 ნოემბერს იგივე განმეორდება, რაც 8 ნოემბერს ხდებოდა კინოთეატრ "ამირანთან".

"მოვალთ ხვალ და იგივეს ვიზამთ. ვეცდებით კინოდარბაზში შესვლას და კინოჩვენების ჩაშლას. მოვალთ ხვალ და ისევ გავაპროტესტებთ ამ საშინელებას",– განაცხადა ვასაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ექიმები გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საოკუპაციო ხაზთანაც მივლენ