ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს „საპრეზიდენტო არჩევნების“ 25 აგვისტოსთვის გადადების კანონპროექტით მიმართა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს „საპრეზიდენტო არჩევნების“ 25 აგვისტოსთვის გადადების შესახებ კანონპროექტით მიმართა.  დოკუმენტი ითვალისწინებს „აფხაზეთის რეპუბლიკის არჩევნების შესახებ“ ე.წ. საკონსტიტუციო კანონში ცვლილების შეტანას, რომელიც 21 ივლისისთვის დაგეგმილი „საპრეზიდენტო არჩვენების“ 25 აგვისტოსთვის გადადებას გახდის შესაძლებელს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციის მეექვსე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, ე.წ არჩევნები მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის „საკონსტიტუციო ვადის ამოწურვამდე არაუადრეს სამი და არაუგვიანეს ორი თვისა უნდა გაიმართოს“. კანონპროექტი ამ ვადის ორიდან ერთ თვემდე შემცირებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის: გუშინ აფხაზური ოპოზიცია ხაჯიმბას გადადგომისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა.  ხსენებული მოთხოვნის საფუძველს ოპოზიციური ბლოკის მიერ დასახელებული ერთიანი „საპრეზიდენტო კანდიდატის“ ასლან ბჟანიას მოულოდნელი ავადმყოფობა წარმოადგენდა. 

შეგახენებთ, რომ 18 აპრილს მძიმე მდგომარეობაში ასლან ბჟანია და მისი დაცვის ორი წევრი –კიასოუ დარსალია და ლევან ბჟანია ერთი და იგივე სიმპტომებით მოსკოვის კლინიკებში მოათავსეს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არსებობდა დაზუსტებული ინფორმაცია მათი სამედიცინო გამოკვლევებისა და დიაგნოზის შესახებ. მოგვიანებით რუსმა ექიმებმა გამოაცხადეს, რომ პაციენტებს მწვავე ბაქტერიული პნევმონია დაუდგინდათ. თუმცა ოჯახი და ბჟანიას თანამებრძოლები ამ ინფორმაციას არ ენდვნენ და სამედიცინო ანალიზები გერმანიაში გადააგზავნეს, საიდანაც, მათი მტკიცებით, მიღებული დასკვნა „ოპოზიციონერი ლიდერის ფიზიკური განადგურების მიზნით დანაშაულებრივი გარე ზემოქმედების“ შესახებ. ამის საფუძველზე ისინი ირწმუნებიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს. ბჟანია ამ დრომდე მოსკოვის კლინიკაში რჩება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp