ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის განცხადებით, ცხინვალის არაზუსტი განცხადებები დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საზღვართან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„საქართველოს სეპარატისტულის რეგიონის –სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწრივ  დაძაბულობის ზრდა სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ფაქტობრივად არაზუსტი განცხადებები სამხრეთ ოსეთის მხრიდან, რომლებიც უსაფრთხოებასა და ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ეხება, ეს განცხადებები მხოლოდ ამწვავებს დაძაბულობას.

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავონ ყველა შესაძლო ნაბიჯისა და განცხადებისგან, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს.  ამის ნაცვლად, უკვე არსებული მექანიზმები, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (ერგნეთში) რეგულარულად უნდა გამოიყენონ ინციდენტების პრევენციისა და მათი მოგვარებისთვის. ამასთან, გადასასვლელები, რომლებიც დახურულია სექტემბრის დასაწყისიდან, დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას. ეს ყველაფერი წარმოადგენს საუკეთესო გზას უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და სხვა სახის პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწრივ არსებობს.  

ევროკავშირის მონიტორინგის მისია, როგორც ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიტუაციის დასტაბილურებაში. სამხრეთ ოსეთის მხრიდან მცდელობები, როგორც განცხადებების, ასევე ქმედების თვალსაზრისით, რომელიც  იმართულია მისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლისკენ მიუღებელია და უნდა შეწყდეს.

ევროკავშირი რჩება ერთგული საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართ და კიდევ ერთხელ აცხადებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა პირველად 5 ნოემბერს გაავრცელა განცხადება ქართული მხრიდან სროლის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურმა მედიის კითხვაზე, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს ოსური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, განაცხადა, რომ აღნიშნული "დეზინფორმაცია" და მას "პროვოკაციული განცხადება" უწოდა. 

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) არ ადასტურებს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 5 ნოემბერს კოდის მახლობლად ქართული მხრიდან სროლა დააფიქსირეს. 

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მსგავსი შინაარსის განცხადება 8 ნოემბერსაც გაავრცელა, რომელიც სუს–მა კვლავ "დეზინფორმაციად" შეაფასა. საქართველოში ევროკავშირის მისია მ კი აღნიშნულ ინფორმაციაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავა.

"მისია არ აკეთებს დამატებით კომენტარს გარდა იმ პრეს–პრელიზისა, რომელიც ჩვენს ვებ–გვერდზე გუშინ გავავრცელეთ. ამასთან, მისია არის სრულიად მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ყველა იმ საკითხში, რომელიც ეხება მის მუშაობას", – განუცხადეს 8 ნოემბერს "აქცენტს" მისიაში.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 9 დეკემბერს