მედოევი ევროპაში შეხვედრებს მართავს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი გერმანიაში იმყოფება. 

ოსური მედიის ინფორმაციით, ვიზიტი ბერლინის რეგიონული პარლამენტის დეპუტატ გუნარ ლინდერმანის მიწვევით ხორციელდება და გერმანიის როგორც პოლიტიკური, ისე საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, მის ძირითად მიზანს კი ბერლინის კედლის დაცემის 30–ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრება წარმოადგენდა. 

მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის გერმანული საპარლამენტო საზოგადოების შენობაში დაფუძნდა "გერმანულ–ოსური მეგობრობის კლუბი", დამფუძნებელ კრებაში, გუნარ ლინდერმანის გარდა,მონაწილეობა მიიღეს ასევე ბერლინის რეგიონული პარლამენტის დეპუტატმა ფრანკ შეერმესერმა, პროფესორებმა ჰენინგ ზოემ, რიჰარდ გრეტცინგერმა და სხვებმა. კლუბის პრეზიდენტად გუნარ ლინდერმანი აირჩიეს. 

"შეხვედრის მონაწილეებმა სამხრეთ ოსეთსა და გერმანიას შორის ჰუმანიტარული, სამეცნიერო-კულტურული და ეკონომიკური კავშირების განვითარების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი" - წერს ოსური მედია. 

"სულ ცოტა ხნის წინ დამკვირვებელი გახლდით სამხრეთ ოსეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მაღალ საორგანიზაციო დონეზე ჩატარდა. ოსი ხალხი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს, რომელიც ღიაა ევროპის ხალხებთან სათანამშრომლოდ და მზადაა, ყოველთვის მიიღოს ყველა, ვინც მოისურვებს, უფრო ახლოს გაეცნოს სამხრეთ ოსეთის ხალხის უძველეს კულტურასა და თანამედროვეობას", – განაცხადა, მისივე ინფორმაციით, გუნარ ლინდერმანმა.

ოსური მედიის ინფორმაციით, დაგეგმილია მედოევის მოგზაურობა რიგ სხვა დასავლეთევროპულ ქვეყნებშიც, სადაც დე ფაქტო მინისტრი ოსური დიასპორისა და „სამხრეთ ოსეთის მეგობრების კლუბების“ წარმომადგენლების მონაწილეობით დაგეგმილ შეხვედრებს დაესწრება.

 




გერმანიაში საქართველოს საელჩო არ გამორიცხავს, რომ დიმიტრი მედოევი პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ („Alternative für Deutschland“ - AfD) წევრ გუნარ ლინდემანთან ერთად ერთ-ერთ კერძო ღონისძიებაზე ყოფილიყო, თუმცა აცხადებს, რომ ლინდემანი არ გამოხატავს AfD-ს ოფიციალურ პოზიციას. 

„ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით, ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ბერლინის ფედერალური მიწის პარლამენტის წევრის გუნარ ლინდემანის მიწვევით ბერლინს სტუმრობდა და შეხვედრები გამართა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისევე როგორც ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ („Alternative für Deutschland“ - AfD), რომლის წევრიც არის გუნარ ლინდემანი.

ა. წ. 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავთან დაკავშირებით ბერლინში მრავალი საჯარო ღონისძიება გაიმართა ღია ცის ქვეშ, რომლებზე დასწრებაც ყველა მსურველს შეეძლო. შესაბამისად, საქართველოს საელჩო არ გამორიცხავს, რომ დიმიტრი მედოევი გუნარ ლინდემანთან ერთად ერთ-ერთ კერძო ღონისძიებაზე ყოფილიყო. აღნიშნული ფაქტის გერმანიაში სამუშაო ვიზიტად წარმოჩენა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, საქართველოს საელჩომ ინფორმაცია მიაწოდა გერმანიის აღმასრულებელი და საკანომდებლო ორგანოების წარმომადგენლებს.

გარდა იმისა, რომ გერმანიაში საქართველოს საელჩო უწყვეტად მიმართავს პრევენციულ ზომებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ინსტიტუციებთან თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან კომუნიკაციის გზით, საელჩოს გუნარ ლინდემანის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით  ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა AfD-ს მესვეურებთან ფედერალურ დონეზე და AfD-ს ფრაქციის ხელმძღვანელობასთან ბერლინის მიწის პარლამენტში. ორივე შემთხვევაში - ფედერალურ დონეზე პარტიის და ბერლინის მიწის პარლამენტში ფრაქციის - ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პარტია აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. პარტიის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ გუნარ ლინდემანის შემთხვევაში საქმე კერძო პირის მოგზაურობას ეხება, რომელიც არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში პარტიის ან ფრაქციის დავალებით არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ლინდემანი არ გამოხატავს AfD-ს ოფიციალურ პოზიციას და არ განიხილება პარტიის წარმომადგენლად რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნისას ან ოკუპირებული ტერიტორიების ე. წ. ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას. პარტია AfD-მ საქართველოს საელჩოს მიმართვის საპასუხოდ წერილობით დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ აღიარა მიმდინარე წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართული ე. წ. არჩევნები, რომლებსაც გუნარ ლინდემანი ესწრებოდა“, – განუცხადეს „აქცენტს“ გერმანიაში საქართველოს საელჩოში.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 9 დეკემბერს