ბესელია ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდება სურს

პარლამენტში დღეს სხდომა ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებებსაც, რის გამოც რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა. მიმდინარე მოვლენები დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას უჩენს განცდას, რომ "ქართულ ოცნებას" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრის ჩაგდება სურს. 

მისი შეფასებით, უმრავლესობის დეპუტატები დღეს თავს „ძალით იბრაზებენ”.

„ღიად იკითხება, ძალით რომ თავს იბრაზებ, მიზანი არის ჩაშლა, რადგან ამ სხდომაზე უნდა გამოვიდეს კონსტიტუციური კანონპროექტი. ველოდებით კენჭისყრას. ჩემი ინტუიცია არ მღალატობს ხოლმე, განცდა მაქვს, რომ კენჭისყრა არ უნდათ უმრავლესობის წევრებს და მიზეზს ეძებენ. ის, რაც ახლა ჩანს, ძალით გაბრაზება, კუნთებზე ყურება და ძველბიჭური ქცევები ძალიან არასერიოზულად გამოიყურება, რადგან როცა ხელისუფლებაში ხარ მეტი სიდინჯე და თვითდაჯერებულობა უნდა გქონდეთ. ერთი ბრძნული გამოთქმაა-ძაღლი ხმამაღლა მაშინ ჰყეფს, როცა ეშინია”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები აღარ გააკეთოს. როგორც ელენე ხოშტარიამ განმარტა, გადაწყვეტილების საფუძველი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებების დამტკიცების ჩაშლის საფრთხეა. 

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, უნდა შევასრულოთ დანაპირები, რომელიც მივეცით ხალხს, მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება და გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, რასაც ჩვენ დილიდან ვუყურებთ, ნამდვილად აჩენს ეჭვებს, რომ მიმდინარეობს მცდელობა ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების ჩაშლის.

აქედან გამომდინარე, მყარად ვაფიქსირებთ, რომ არავის მივცემთ საშუალებას და საბაბს, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილება შეფერხდეს და ამიტომ „ევროპული საქართველო“ ხსნის დარჩენილ პოლიტიკურ განცხადებებს და ველოდებით კენჭისყრას პროპორციულ სისტემაზე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"