"წესის აგება ნუგეშია მგლოვიარესთვის...ნუგეშზე უარს ვეუბნებით ოჯახს"

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე “ბიბლიური თავისუფლების” გარდაცვლილი წევრის მიმართ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულებას ეხმიანება და წერს, რომ "წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის". როგორც ცნობილია, 24 წლის კაცს, რომელიც ავტოავარიაში გარდაიცვალა, მართლმადიდებელი მღვდლები წესს არ უგებენ. 


“სიკვდილი არის სარკმელი ერთი განზომილებიდან მეორეში. უცნაურები ვართ ადამიანები, როცა ამ სამყაროსი ვერ გაგვიგია სწორად და იქითა სამყაროს აღვწერთ და წესებში ვატევთ დიდის სიზუსტითა და მოწადინებით. ეს დალოცვილი საღვთო წერილიც იმას ამბობს, რომ სამიაო მნიშვნელოვანი – რწმენა, იმედი და სიყვარული და აქედან მხოლოდ ერთი – სიყვარულია მარადიული, რაც ამ სოფლადაც გვჭირდება და იქაც მიგვყვება… აქ რჩება მხოლოდ რწმენა იმისა, რომ საყვარელ ადამიანს, რომელსაც დღეს ვემშვიდობები, ოდესმე შევხვდები და იმედი ღვთის დიდი სიყვარულისა, რომ აქედან წასულს უფალი ჩაიკრავს გულში.

წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის. ერთერთი ყველაზე საშური და აუცილებელი საქმე ღვთისმსახურისავის.

ღვთის საამებლად შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი წესიც კი, თუკი ის უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში მარტოს ტოვებს ადამიანს, არც ღვთისათვისაა საამო, რადგან “ შაბათი შეიქმნა ადამიანთათვის და არა ადამიანი შაბათისათვის!” – “ სიკეთის კეთება გვმართებს შაბათ დღეს, თუ ბოროტისა?”

სიკვდილი არ ემორჩილება არც ერთ კანონს. მისთვის არ არსებობს მოყმე და მხცოვანი, სუსტი და ძალგულოვანი. ამისი ყველაზე ნათელი დადასტურება ისაა, რომ ამ ყველაფერს ვსაუბრობთ 24 წლის ახალგაზრდა ყმაწვილის მოულოდნელი სიკვდილის გამო. და ჩვენ მაინც ვახერხებთ წესებისა და კანონების მოშველიებით ნუგეშზე უარს ვეუბნებით მის ოჯახს.

P. S. როცა დედა გარდამეცვალა, მის სასახლესთან სხვადასხვა დენომინაციის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანებმა წაიკითხეს გამოსათხოვარი ლოცვაები… ყველა ეს ლოცვა იყო ჩვენი გამხნევება, ჩვენი ნუგეშისცემა და გამოთხოვება… ძალიან ლამაზი და ამაღლებული გამოცდილება იყო ყველასთვის, ვინც ამისი მოწმე გახდა” – წერს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება დეკანოზი თამაზ ლომიძეც:


“თუ ბიბლიური თავისუფლების წევრობა მხოლოდ ფორმალურია და არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აქვს და მხოლოდ ჯარიდან გასათავისუფლებლად იყენებენ ახალგაზრდები და ამასთან თუ მასში გაწევრიანებისას მათ ხაზგასმით არ განუცხადებიათ მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მრწამსის დატოვების შესახებ, მაშინ არავითარი დაბრკოლება არ არსებობს წესის ასაგებად.

მართლმადიდებელიც შეიძლება რაიმე ორგანიზაციის წევრი იყოს სადაც რელიგიური სათაურია გამოყენებული, თუმცა ეს არ იყოს სარწმუნოება და ეკლესია. ასე უნდა მიუდგნენ ამ საკითხს და გადაწყვიტონ, ნუგეშს მისცემენ თუ არა მგლოვიარე ოჯახს. ეს თანადგომა განსაცდელში მყოფი ადამიანებისადმი ეკლესიის მოვალეობაცაა და ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ეცადონ, რომ მონახონ გამოსავალი”.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ავტოსაგზაო შემთხვევას “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე გარდაიცვალა. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ამ თემას გამოეხმაურა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა:

“გირჩს შეეხმიანეთ, ისინი ხომ ამბობენ, ეპისკოპოსები ვართო და მღვდლები ვართო, წავიდნენ და თვითონ აუგონ წესი თავიანთ წევრებს“. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ "გირჩს" არაერთხელ განუცხადებია ორგანიზაციის ფორმალურობის შესახებ. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად მიმართავენ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ნიუ-ჯერსიში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა