ჩინელებს აფხაზეთში ელექტრომობილების წარმოების დაწყება სურთ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამ დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ  კომპანია China UNiCOM–ის მთავარი ინჟინერი ლონგ ვეიბო, ეკონომიკური განვითარების ჩინურ–აზიური ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ლიუ ია ჯუნი, „აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“ გე ჩჟილი და „აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული რუსეთის ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში" ვ. ლიტვინჩუკი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო „ორ ქვეყანას შორის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა მობილური ტელეფონების ამწყობი საწარმოების დაფუძნებაზე მიმართული სხვადასხვა პროექტების რეალიზების მიზნით, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტრომობილების ასაწყობად, რომლებიც როგორც შიდა ბაზარზე, ისე ე.წ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ შეიძლება, იყო რეალიზებული“.

მანამდე ჩინური დელეგაცია დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ მიიღო. მან მაღალი დაინტერესება გამოხატა ორმხრივი თანამშროლმლობის განვითარების მიმართ და აღნიშნა, რომ "აფხაზეთს ამ მიმართულებით უაღრესად დიდი პოტენციალი გააჩნია".


როგორც „აქცენტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია საქართველოში ჩინეთის საელჩოსთან. ჩინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და პატივისცემა“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო უწყებაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 9 დეკემბერს