კადიროვი: "გზა უნდა გავხსნათ და დავალაგოთ ურთიერთობა საქართველოსთან“

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ისევ ალაპარაკდა. როგორც მან რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ეს გზა კავკასიისთვის აუცილებელია, თუმცა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. 

მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მაგისტრალი აშენდება.

„ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გზის მშენებლობის საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი გზაა ჩვენთვის და კავკასიისთვის. იტუმ-კალედან [სოფელი ჩეჩნეთის სამხრეთში] საქართველომდე 40-50 წუთის გზაა, იქიდან მიდიხარ თურქეთის გავლით ევროპამდე. ამიტომ, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ ეს გზა უნდა გავხსნათ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან – საქართველოსთან“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერმა გაიხსენა წინაპრები და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც „იციან ისტორია".

კადიროვის თქმით, გზის მშენებლობის საკითხის დაყენება მნიშვნელოვანია, რათა შესაბამისმა უწყებებმა მომავალში ამ საკითხზე იმუშაონ.

„ჩვენ ამ საკითხებს ვაყენებთ, რომ ჩვენი ხმა გაიგონ. ეს არ ნიშნავს, რომ თუ დღეს დავაყენებთ საკითხს, ის ხვალვე გადაწყდება. ჩვენ ვამბობთ, რომ არის მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების აუცილებლობა და სურვილი, რომ მომავალში შესაბამისმა უწყებებმა დაამუშაონ ეს საკითხი“, – განაცხადა კადიროვმა.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქარველოს რუსეთთან ერთადერთი მოქმედი გზა – ლარსი აკავშირებს. საქართველოს მიმართ რუსეთის დამოკიდებულებიდან და არსებული დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობას საქართველოში სიფრთხილითა და კრიტიკით უდგებიან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც 20 ივნისის მოვლენების – "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რომელიც რუსეთში რატომღაც რუსოფობიად შეფასდა, ქართველმა ტელეწამყვანმა კრემლის ლიდერს პირდაპირ ეთერში აგინა, კადიროვი საქარველოს დაემუქრა.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა