სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების 45 ობიექტში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტი შეამოწმეს და 229 ინსპექტირება განახორციელეს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება კაფე-ბარებისა და რესტორნების, აგრეთვე სკოლების, საბავშვო ბაღების, ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკები.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში განახორციელეს 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება. გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა და დარღვევები გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში. კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა სააგენტოს მიერ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, სურსათი დაილუქა და მის განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბიზნესოპარატორებს, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგათ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება