არასამთავრობოები - მმართველ გუნდს: "დარჩით სიტყვის ერთგული, ნუ მოატყუებთ ხალხს!"

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მიმართეს და მოუწოდეს შეასრულონ ის დაპირება, რომელიც 2019 წლის ივნისში, ანტისაოკუპაციო აქციების მსვლელობისას მისცეს საზოგადოებას და რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს:

„ისტორიული მომენტი დგას საქართველოში და საქართველოს პარლამენტში. თუკი საქართველოს პარლამენტი მოახერხებს და მხარს დაუჭერს კანონპროექტს, რომელიც ინიცირებულია თავად მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება არაერთი წელია აქტიურად საუბრობს იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები, კონკრეტული მიზეზები და ეს არის დამტკიცებული არაერთი კვლევით, თუ რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული დღეს არსებული საარჩევნო სისტემა. დღევანდელი საარჩევნო სისტემა ყველა პირობებში ხელს აძლევდა და აძლევს მმართველ პარტიას სრულიად დაუმსახურებელი უპირატესობით მოიპოვოს გამარჯვება. იმ ფორმით, რა ფორმითაც საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდა საქართველოში, არის ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი საარჩევნო სისტემა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ მმართველ პარტიას არ შეექმნას მნიშვნელოვანი საფრთხე და მისთვის სტაბილურად იყოს უზრუნველყოფილი ძალაუფლების შენარჩუნება.

თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ევროპული დემოკრატია, სადაც არ დომინირებს ერთი პარტია ყველა არჩევით თანამდებობაზე, სადაც ექსკლუზიურად ერთი პარტია არ არის გადაწყვეტილების მიმღები და თუ გვინდა, რომ დავამკვიდროთ მრავალპარტიული სისტემა, სადაც დიალოგის, კონსენსუსის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები და უზრუნველყოფილია საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობა, მნიშვნელოვანია, რომ განვახორციელოთ ის ცვლილებაა, რომელ ცვლილებაზეც მრავალი წელია ვსაუბრობთ და რომლის აღსრულებასაც თავად მმართველი პარტია დაგვპირდა წელს, საზოგადოების საკმაოდ ფართო ჯგუფის მოთხოვნის შედეგად.

ხელისუფლებამ უნდა გაბედოს და გადადგას ეს ნაბიჯი. ჩვენთვის გასაგებია, რომ ცდუნება მაღალია, რომ ხელისუფლებამ არ გაუშვას ხელიდან ის ძალაუფლების ბერკეტები და ის ძალაუფლება, რომელიც მას დაეხმარება არჩევნებში, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, რომ განვავითაროთ დემოკრატია და პარტიები, მნიშვნელოვანია, რომ გატარდეს ძირეული რეფორმა საარჩევნო სისტემისა.

ჩვენ დღეს მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ დარჩეს საკუთარი სიტყვის ერთგული, არ მოატყუოს საკუთარი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა და მხარი დაუჭიროს ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას“, - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც 14 ნოემბერს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში პრესკონფერენცია გამართეს.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

პარლამენტში 12 საათზე დანიშნული სხდომის წინ, „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში უმრავლესობის შეკრება გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ასეთი შეხვედრა წინ უძღოდა პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომასაც, თუმცა, გუშინ პარლამენტში კენჭისყრა გადაიდო. უმრავლესობის ლიდერებმა მიზეზად ის დაასახელეს, რომ არსებობდა კანონპროექტის ჩავარდნის რისკი.

საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს რიგმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა. 

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. 

ბოლო სამი დღეა სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან მართავენ აქციებს სახელწოდებით „არ გაბედო ჩაგდება“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს