კადიროვი – ზელენსკის: "თქვენზე სხვა წარმოდგენა მქონდა"

ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ "ძალიან იმედგაცრუებულია უკრაინის ახალ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ქვეყნის მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების გამო".

როგორც კადიროვმა თავის ტელეგრამ–არხზე დაწერა, "ზელენსკიმ მოსახლეობისადმი მიმართვის მხოლოდ პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში იმდენი დაპირება გასცა, რამდენის გაცემის უფლებაც საკუთარი თავისთვის 1917 წელს მუშებისა და გლეხებისთვის ვლადიმირ ლენინს არ მიუცია". 

თუმცა ყველაზე მეტად კადიროვი ყირიმის ნახევარკუნძულის შესახებ ზელენსკის განცხადებამ აღაშფოთა. 

ცნობისთვის: პირველი საპრეზიდენტო მიმართვისას ზელენსკიმ უკრაინელებს ყირიმისა და დონეცკის დაბრუნების პირობა მისცა. 

როგორც ამასთან დაკავშირებით კადიროვი წერს, "5 წლის წინ, 2014 წლის მარტში ყირიმი სამუდამოდ დაბრუნდა სახლში, რუსეთის შემადგენლობაში და იქიდან აღარსად აპირებს წასვლას. ვლადიმირ ალექსანდრეს ძევ, სულ სხვა წარმოდგენა მქონდა თქვენზე, ვფიქრობდი, რომ წარმატებული, გამოცდილი და ცნობილი შოუმენი ბრძენ და საღად მოაზროვნე პოლიტიკოსად დადგებოდა, თქვენ კი მაშინვე სხვის ქონებას წაეტანეთ. კეთილი მეზობლები ასე არ იქცევიან! იძულებული ვარ, თქვენზე წარმოდგენა შევიცვალო, არადა როგორ არ მინდოდა ეს პირველივე დღეს". 

"ზელენსკიმ და უკრაინის შემდგომმა ლიდერებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაითავისონ, რომ ყირიმი იყო, არის და სამუდამოდ დარჩება რუსეთის ნაწილად. იკითხეთ, შეისწავლეთ ისტორია – მაშინ აუხდენელი ოცნებებისგან გათავისუფლდებით. რუსეთს სხვისი აბსოლუტურად არაფერი სჭირდება, თუმცა არც თავისას დათმობს. მოსკოვს რომ მართლაც ჰქონოდა პრეტენზია სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე, კიევი დიდი ხნის წინ რუსეთის ოლქი იქნებოდა",– წერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერი. 

მისივე ვარაუდით, ზელენსკის მიერ უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას გაჟღერებული მიმართვა "უცხოეთში დაიწერა". კადიროვმა ზელენსკის ურჩია, "ნუ გაიხედება აშშ–ისკენ და იცხოვროს მშვიდობასა და სიკეთეში უახლოეს მეზობლებთან".

შეგახსენებთ, რომ 1991 წლის 5 სექტემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა (საქართველომ აღიარა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა). ამავე წლის 27 ოქტომბერს ჩეჩენმა ხალხმა ქვეყნის პრეზიდენტად ჯოხარ დუდაევი აირჩია. 1992 წლის 12 მარტს პარლამენტმა მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია. 1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებით, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები შევიდნენ. ამ მომენტიდან იწყება რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი. ომი 1996 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა და ამ ჯერზე ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.  

ჩეჩნეთში მეორე რუსული სამხედრო კამპანია 1999 წელს დაიწყო. რუსეთმა საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ჩეჩნეთის დასახლებულ პუნქტებზე. ბალისტიკური რაკეტებით ხდებოდა გროზნოს და სხვა ქალაქების დაბომბვა. ათასობით ადამიანი დევნილად იქცა. უფლებადამცველების ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის  მასობრივი ხოცვის შემთხვევები დაფიქსირდა  სოფლებში: სამაშკი, ალხან-იურტა, ნოვიე-ალდი. ადამიანის უფლებების რუსული ორგანიზაციის თანახმად, 1999-2005 წლებში 3000-დან 5000-მდე ადამიანი "გაუჩინარდა",ხოლო ადგილობრივი თანამდებობის პირები ჩეჩნეთში  49 მასობრივი საფლავის არსებობას ადასტურებენ. 

რუსი ძალოვანების სამიზნე არამხოლოდ ჩეჩენი მებრძოლები, არამედ მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობაც იყო. ოფიციალური მოსკოვის 1999 წლის განცხადებით 10-დან 60 წლამდე ასაკის ყველა ჩეჩენი კაცი ექვემდებარებოდა დაკავებას და შემოწმებას. რუს სამხედროებს დაკავებულები მიჰყავდათ „ფილტრაციის პუნქტებში“, სადაც  დაკავებულებს ჰკითხავდნენ, აწამებდნენ (მათ შორის ელექტრული შოკის გამოყენებითაც) და ამცირებდნენ მეამბოხეების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp