ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ცნობილ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს „საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით“ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.ამის შესახებ ოსური ე.წ. უშიშროების კომიტეტი იუწყება. 

დე ფაქტო კომიტეტის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე 40 პირი დააკავეს. 

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან რობერტო მონტელასთან შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდაშვილის თემა წამოსწია. 

"ვისაუბრეთ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზეც, რომელიც ასევე გარდა იმისა, რომ უკანონოა, რაციონალიზმისა და ჰუმანიზმის პრინციპებს ცდება, როდესაც ექიმის დაკავება ხდება და ასეთი ხელოვნური მიზეზებით და ბრალდებებით. ცხადია, ჩვენი მცდელობა და ძალისხმევა და ნაბიჯები მიმართულია მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით ინტენსიურ კომუნიკაცია მიმდინარეობს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება.

სამინისტრო ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართავს, რათა უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის წითელ ჯვართან.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მომხდარ უკანონობას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება და ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ექიმი, სახელმწიფოს გვიანი რეაქცია თუ ინფორმაციის გასაიდუმლოება?

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნის საკითხზე დისკუსია გაიმართება