“ჯორჯიან მანგანეზმა” გაფიცულ მაღაროელებს ხელფასის ჩარიცხვა შეუწყვიტა"

“ჯორჯიან მანგანეზმა” გაფიცულ მაღაროელებს ხელფასის ჩარიცხვა შეუწყვიტა,– ამის შესახებ გიორგი კასრაძე იუწყება და სოციალურ ქსელში კომპანიის მიერ მაღაროელებისთვის გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინების ამსახველ ფოტოს ავრცელებს. 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის გიორგი ლომინაძის განცხადებით, კომპანია სასამართლოში წარსადგენად დოკუმენტაციას ამზადებს: 

“თუ გაფიცვა გაგრძელდება[ჭიათური მაღაროელების], მუშაობა გაჩერდება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაშიც… კომპანიას გააჩნია მყარი საფუძველი, რათა განაცხადოს, რომ მიმდინარე გაფიცვა უკანონოა. ჩვენი იურისტები ამზადებენ იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და სამართლებრივი პროცესის დაწყება”.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. 

გუშინ ერთ–ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. როგორც მისი კოლეგები აცხადებენ, პროტესტის იგივე ფორმას ყოველ დღე თითო მაღაროელი მიმართავს. აქციის მონაწილეები ამ გზით მათი მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. მაღაროელები არ ეთანხმებიან "ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებას ხელაფასების ამჟამად 10, შემდეგ კი 15%-ით გაზრდასთან დაკავშირებით. მაღაროელთა მოთხოვნა ხელფასის მინიმუმ, 30%-ით გაზრდაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვა გაგრძელდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელოს“ პირველი 12 წევრის ვინაობა ცნობილია