თეთრმა სახლმა ტრამპი–ზელენსკის პირველი საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა

თეთრმა სახლმა აშშ–ისა და და უკრაინის პრეზიდენტების ტრამპი–ზელენსკის პირველი საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა. საუბარია 2019 წლის აპრილში, ზელენსკის პრეზიდენტად არჩევისთანავე გამართულ საუბარზე.

აღსანიშნავია, რომ ტექსტი ზუსტად იმ მომენტში გამოქვეყნდა, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე მორიგი ღია მოსმენა დაიწყო. როგორც ცნობილია, აშშ–ის ლიდერი უკრაინაზე ზეწოლაშია ეჭვმიტანილი, რის მიზანსაც, როგორც ვარაუდობენ, მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვის ზიანის მიყენებას წარმოადგენდა.

რაც შეეხება თავად ტრანსკრიპტს, საუბრის დასაწყისში ტრამპი ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და ეუბნება , რომ „უკრაინაში ბევრ ადამიანს იცნობს, რომელთაც ზელენსკი მოსწონთ და მის გამარჯვებას ელოდნენ“.

თავის მხრივ ზელენსკი ტრამპს მადლობას უხდის, ინაუგურაციაზე იწვევს და ეუბნება, რომ მის გუნდში ბევრისთვის ტრამპი მაგალითს წარმოადგენს.  აშშ–ის პრეზიდენტი დაჰპირდა უკრაინელ კოლეგას, რომ მისი ქვეყნა ინაუგურაციაზე ძალიან მაღალ დონეზე იქნებოდა წარმოდგენილი [აშშ–ის დელეგაციას ინაუგურაციაზე ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი წარმოადგენდა – რედ.] . ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში მიიწვია და განუცხადა, რომ "ძნელი აღსაწერია რამდენად მეგობრულია უკრაინელი ხალხი და რამდენად გემრიელია უკრაინული სამზარეულო“. თავის მხრივ ტრამპმა ზელენსკის კონკურს "მის იუნივერსის“ უკრაინელი მონაწილეები შეახსენა და განუცხადა: „როდესაც მზად იქნებით, მოხარული ვიქნები, თეთრ სახლში მოგიწვიოთ, ჩვენ ბევრი გვაქვს განსახილველი თუმცა ყოველთვის თქვენს მხარეს იქნებით“.

ზელენსკიმ უპასუხა, რომ მიწვევას იღებს და ინგლისურის ცოდნის დონის ამაღლებას ეცდება , რომ ტრამპს შეხვედრისას მის მშობლიურ ენაზე ესაუბროს. თავის მხრივ ტრამპმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ზელენსკის მის ენაზე ვერ ესაუბრება.


ტრანსკრიპტში არაფერია ნათქვამი ჯო ბაიდენსა და მის ვაჟზე, კომპანია „ბურისმაზე“ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაყინვასა და სხვა საკითხებზე, რომლებიც ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძვლად ქცეული გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ზელენსკის თეთრ სახლში მიწვევა ამ დრომდე არ მიუღია, საიმპიჩმენტო საქმის ფარგლებში რიგი მოწმეები ირწმუნებოდნენ, რომ ტრამპის ქვეშევრდომები უკრაინის პრეზიდენტის მიწვევის პირობად უკრაინაში ტრამპის პოლიტიკური ოპონენტის – ჯო ბაიდენის ვაჟის მიმართ გამოძიების განახლებას ასახელებდნენ.

დოკუმენტი, ისევე, როგორც ზელენსკისთან 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტი შეიცავს დათქმას, რომ საუბრის სიტყვა–სიტყვით ჩაწერაზე საუბარი არ არის.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ავღანეთში ბაგრამის ავიაბაზაზე თავდასხმა განხორციელდა