ირანში აქციებზე შეტაკება მოხდა

თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში საწვავის ფასის ზრდის გამო ქუჩაში გასულ დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა. ირანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სირჯანში არეულობის დროს აქციის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. არიან დაშავებულები. მომიტინგეებმა ავტოგასამართი სადგურებისა და სხვა ნავთობობიექტებისთვის ცეცხლის წაკიდება სცადეს, თუმცა პოლიციამ და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის მთავრობამ ბენზინის ფასის ზრდისა და მისი გაყიდვის ნორმირების გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარად, ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 10 ათასი რიალიდან (დაახლოებით ცხრა ცენტი) 15 ათას რიალამდე (13 ცენტი) გაიზარდა. მთავრობის დადგენილებით, ამ ფასად თვეში 60 ლიტრამდე ბენზინის შეძენაა შესაძლებელი. მათ, ვისაც მეტი რაოდენობის საწვავის შეძენა სურს, ერთ ლიტრში უფრო მაღალი ღირებულების გადახდა მოუწევს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, საპროტესტო გამოსვლები ირანის 40-მდე ქალაქში გაიმართა.

დემონსტრაციების ფონზე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, მეჯლისის თავმჯდომარემ ალი ლარიჯანიმ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ებრაჰიმ რაისიმ საგანგებო შეხვედრა გამართეს. თავის მხრივ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირანში არეულობა საზღვარგარეთიდან იმართება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"