"პატრიოტთა ალიანსმა" სამოქმედო გეგმა წარადგინა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ იწყებენ აქციებს ყველა დიდ ქალაქში, რომლებიც თავისუფლების მოედანზე დემონსტრაციით დასრულდება.


„ახლა არ არის სიმღერის დრო, არის სრული მობილიზაციის დრო. ჩვენ ვიწყებთ აქციებს. ყველა ქალაქში იქნება აქციები და დავასრულებთ თავისუფლების მოედნით. ეს იქნება მოქმედების გეგმა. ყველა დიდ ქალაქში იქნება აქციები და დავასრულებთ თავისუფლების მოედნით.

ხვალ, ზეგ უკვე ტელევიზორით შეგატყობინებთ, არის ნიუანსები. 23-ში გვინდოდა აქცია, მაგრამ იმათაც უნდათ, 23-ში აქცია და ახლა კვლავ იქნება ყველანაირი ხელშეშლა, ეს რომ არ მოხდეს. ამიტომ, რაღაც სხვა გეგმას შევიმუშავებთ, ხვალ და ზეგ გაგაგებინებთ ტელევიზიით. ზოგადი გეგმა არის, რომ ყველა ქალაქში იქნება აქციები და დავასრულებთ თავისუფლების მოედნით“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ამასან, პარტიის წევრი გიორგი ლომია პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არასოდეს დადგება იმ ძალის გვერდით, რომლის გასამართლებასაც ითხოვს.


„ჩვენს ქვეყანაში არც ერთი ხელისუფლება ამ მანკიერი სისტემით არ შეცვლილა. გვატყუებენ, როცა გვეუბნებიან, რომ არაფერია ცუდი იმაში, რომ 2020 წელს ისევ იმ სისტემით მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. რომ ისევ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, მორიგჯერ გააყალბოს არჩევნები და უპირატესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. არ მივცემთ ამის უფლებას. დამთავრდა ფეოდალური წყობა ჩვენს ქვეყანაში. არავის უნდა დაგვეზაროს ქუჩაში გამოსვლა. არ აქვს მნიშვნელობა, სად დგას უფრო მეტი ხალხი. მთავარია, ჩვენ დავიცვათ ჩვენ არჩევანი, მაგრამ მთავარია ის, სად დგას სხვადასხვა პოლიტიკური ძალა. იმ ძალის გვერდით, რომლის გასამართლებასაც ვითხოვთ თქვენთან ერთად, „პატრიოტთა ალიანსი“ არასდროს დადგება. დღეს ჩვენთვის „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთი და იგივეა, რახან კოაბიტაციის რეჟიმში შესული პოლიტიკური ძალა ისეთივე „ნაცმოძრაობა“ გახდა, როგორც ის სისხლიანი რეჟიმი. სისხლიან რეჟიმს და „ქართულ ოცნებას“ ერთად ვუთხრათ უარი“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ დღევანდელი გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა.

რაც შეეხება რუსთაველს, პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია, ხოლო შენობის წინ გაშლილია კარვები. დემონტარტები დაშლას არ აპირებენ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ნიუ-ჯერსიში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა