"თუ შეთანხმება ვერ შედგა, 15 მაღაროელის გვამს გაიტანენ"

ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება. ამ დროისთვის მათ ცენტრალური გზა აქვთ გადაკეტილი.

“მოლოდინის რეჟიმში ვართ. გადაკეტილი გვაქვს გზები და მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებამდე, ჩვენი განძი არ გავიდეს ქალაქიდან. გატანის პატარ-პატარა მცდელობები აქვთ, მაგრამ სერიოზული არაფერი. ჩვენს უფლებებს ყოველ წამს არღვევენ. “ჯორჯიან მანგანეზი” რასაც აცხადებს, ყველაფერი სიცრუეა. ხელფასების 25%-ით გაზრდაც სიცრუეა. ჩვენ კვლავ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ. შეთანხმება რომ ვერ შედგეს, 14-15 მოშიმშილე მაღაროელის გვამს გაიტანენ აქედან”, – აცხადებს აქციის მონაწილე რომან კუპატაძე. 

პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მაღაროელებსა და კომპანიას მიმართა, დროულად ჩამოყალიბდნენ მისაღებ შედეგებზე: 

"ჭიათურაში არსებული სიტუაცია მძიმეა და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა შრომის უფლებები, უსაფრთხოება, ადგილზე სამედიცინო მომსახურება, კვება და სხვა საკითხები. ვიცი, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონდე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. 

გუშინ ერთ–ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. როგორც მისი კოლეგები აცხადებენ, პროტესტის იგივე ფორმას ყოველ დღე თითო მაღაროელი მიმართავს. აქციის მონაწილეები ამ გზით მათი მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. მაღაროელები არ ეთანხმებიან "ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებას ხელაფასების ამჟამად 10, შემდეგ კი 15%-ით გაზრდასთან დაკავშირებით. მაღაროელთა მოთხოვნა ხელფასის მინიმუმ, 30%-ით გაზრდაა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანამ გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების დარიცხვა შეუწყვიტა.  

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის გიორგი ლომინაძის განცხადებით, კომპანია სასამართლოში წარსადგენად დოკუმენტაციას ამზადებს: 

“თუ გაფიცვა გაგრძელდება[ჭიათური მაღაროელების], მუშაობა გაჩერდება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაშიც… კომპანიას გააჩნია მყარი საფუძველი, რათა განაცხადოს, რომ მიმდინარე გაფიცვა უკანონოა. ჩვენი იურისტები ამზადებენ იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და სამართლებრივი პროცესის დაწყება”.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხარაგაულში მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა