პოლიტიკური კრიზისი: რჩევები ოპოზიციას

პოლიტიკური კრიზისი, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას მოჰყვა და პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან ქუჩაში გადაიტანა, მწვავდება. ამ დროისთვის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეფერხებულია და როგორც დემონსტრანტები ამბობენ, არც განახლდება, სანამ მათი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება. მოთხოვნა კი უცვლელია: ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით. იყო შეთავაზება „გერმანული მოდელის“ თაობაზეც, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებებს არ საჭიროებს. მართალია, გუშინ „ქართული ოცნების“ მხრიდან პირველად გაიჟღერა სიტყვა „დიალოგმა“, თუმცა დღის ბოლოს საქართველოს შსს–მ საერთაშორისო მედიისგან „განსხვავებული მეთოდიკით“ დათვალა პროტესტანტები, დღეს კი მმართველმა გუნდა განაცხადა, რომ არანაირი კრიზისი არ არსებობს და არც არანაირი საარჩევნო სისტემის განხილვას იგი აღარ გეგმავს. ამდენად, ამ ეტაპზე არანაირი ინდიკატორი იმისა, რომ ხელისუფლება უკან დახევაზე ფიქრობს და როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა, პარლამენტთან მიმდინარე პროტესტის მონაწილემ შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, „დაიწყება გაძლების თამაში“. 

ვინ როგორ გამოიყურება ამ ეტაპისთვის „გაძლების თამაშში“? ვის საწინააღმდეგოდ მუშაობს დრო და ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს მიმდინარე  პროცესებს? - ამ საკითხებზე „აქცენტი“ ქართველ პოლიტოლოგებს ესაუბრა.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, მოცემულ ვითარებაში ხელისუფლება არა საკუთარ რეპუტაციაზე, არამედ მოწინააღმდეგის შესაძლებლობებზე ფიქრობს, რაც სახელმწიფოებრივი აზროვნების მძაფრ დეფიციტზე მეტყველებს.


როგორც ხუხაშვილი ასკვნის, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ძალისმიერი პოლიტიკა და ოპოზიცია მას ამაში არ უნდა აჰყვს, ვინაიდან თუნდაც არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციას არჩევნებში მეტი შანსი აქვს, ვიდრე ქუჩაში.  

„პროცესების ქუჩაში გადატანა, როგორც წესი, ხელისუფლების სასარგებლოდ იწყებს ხოლმე მუშაობას: ქუჩაში დატაკებას სერიოზული რესურსი სჭირდება და არა მხოლოდ ადამიანურ–მატერიალური. ძალიან მაღალია პროვოკაციების რისკი, რითაც ხელისუფლება მთავარი ხაზიდან აქცენტების გადატანას მოახერხებს. ვფიქრობ, ბევრად ეფეტურია მეთოდი, რომელიც ჩვენ 2012 წელს გამოვიყენეთ: სააკაშვილი ცდილობდა ჩვენს პროვოცირებას, ქუჩაში გადაგვეტანა პროტესტი, მაგრამ არ გავყევით ამ თამაშში და ვუთხარით, რომ ნებისმიერი სისტემით მოვუგებდით არჩევნებს. ვფიქრობ, ოპოზიცია ახლა ასევე უნდა მოიქცეს, ხელისუფლებას უნდა გაუფორმოს „გადამგდების“ და შეშინებულის სტატუსი, თქვას, რომ რეპუტაციის ხარჯზე ასეთი ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია და მას მაჟორიტარული სისტემითაც დავამარცხებთ. თუ ეს ყველაფერი სწორად წავიდა, „ქართული ოცნება“ არსებული სისტემითაც წააგებს არჩევნებს. კერძოდ, არსებული მოცემულობის პირობებში პრაქტიკულად ყველა ოლქში იქნება მეორე ტური. მეორე ტურში რატომ იგებს ხელისუფლება? - იმიტომ, რომ ოპოზიციური კანდიდატები ერთმანეთს მხარს არ უჭერენ. თუ ოპოზიცია მეორე ტურში კონსოლიდირებულად დაუჭერს მხარს ხელისუფლების ალტერნატიულ კანდიდატს, ხელისუფლება კატასტროფულ მარცხს განიცდის, რადგან წარმოუდგენელი უტიფრობა ჩაიდინა. ამდენად, ოპოზიციას “გამიშვი–გამატარე” არ სჭირდება - ამან საბოლოოდ შესაძლოა, ხელისუფლების წისქვილზე დაასხას წყალი“,– განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი ოპოზიციას ურჩევს, პროტესტის მუხტის განვითარების გზით წავიდეს, რომლის კულმინაცია არა დღეს, ან ხვალ, არამედ 2020 წლის არჩევნებზე იქნება და ამისთვის მოამზადოს საზოგადოებაც.  


მისივე შეფასებით, არც ერთი ხელისუფლება არ აღიარებს კრიზისს, ყველა „ითვლიდა თავებს“, მაგრამ ყველამ ცუდად დაასრულა.

„როგორც ჩანს, ხელისუფლება უკან არ დაიხევს და ოპოზიციამ უნდა იფიქროს, რომ პროტესტი ნელ–ნელა გაზარდოს, რათა მისი კულმინაცია მომავალი წლის ოქტომბერში იყოს და არა დღეს ან ხვალ. ხელისუფლება, რომც უნდოდეს, აწი ვერ წავა დათმობაზე, პროცესი იმდენად შორს წავიდა, რომ მას ამის რესურსი არ გააჩნია. ეს გასვალიწინებელია, ამიტომ ოპოზიციამ უპირველესად, მხარდამჭერებს და საზოგადოებას ყალბი იმედები არ უნდა შეუქმნას“.

ამასთან, ძაბირაძე ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლებას არჩევნებამდე მისვლა არ სურს და უნდა, მუდმივი დესტაბილიზაცია შექმნას, რომ შემდეგ ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა ამ გზით გადაფაროს და ოპოზიციას გადააბრალოს, ოპოზიციას „ჩაფლავების შესაძლებლობას“ არ მისცემს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"