5 დღე გაფრინდაშვილთან – რას ყვება ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის თანამოსაკნე

„მოვიკითხე ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი. მას ორი თვე უკვე შეუფარდეს სახელმწიფო საზღვრის შეგნებულად დარღვევისთვის. მან თქვა, რომ წინასწარ განზრახვით გააკეთა ეს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. მან სწორედ ეს დაწერა განმარტებაში. დანარჩენი ყველაფერი ნორმალურადაა, მას არავინ ეხება. როგორც გავარკვიეთ, კარგი და ცნობილი ექიმია, მაგრამ არ გვესმის, რას მიძვრებოდა პოლიტიკაში. მას, ალბათ, 2-3 კვირაში გამოუშვებენ, უფრო ადრე არ მგონია“ - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ცხინვალში ბიბილოვის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპეტენტურმა წყარომ მიაწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ცხინვალის იზოლატორში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი. მისი მონათხრობით ირკვევა, რომ გაფრინდაშვილმა ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად შეგნებულად გადადგა და სურვილი აქვს ცხინვალის ციხესა და იზოლატორში პატიმრებისადმი მოპყრობა შეცვალოს.

ბიძინაშვილმა ცხინვალის იზოლატორში 9 დღე გაატარა. იგი ბერშუეთის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შელაპარაკებისა და ჩხუბის შემდეგ დააკავეს. ბიძინაშვილი მათ უმტკიცებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ თავში კონდახი მოხვდა. ცხინვალის იზოლატორში ის თავის არეში დაზიანებებით მიიყვანეს. მისთვის არც ექიმი მიუყვანიათ და არც წამალი მიუციათ. 9 ნოემბერს მასთან საკანში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შეიყვანეს, რომელმაც ბიძინაშვილს თავზე სველი ნაჭრები დაადო და ბადრაგს ეუბნებოდა, რომ 21-ე საუკუნეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა დაუშვებელია.

ბიძინაშვილი საკანში თავს შეუძლოდ გრძნობდა, ღამით აციებდა და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მას საკუთარ ქურთუკს აფარებდა. თანასაკნელი პაციენტისთვის ცხელ ჩაის ითხოვდა, მაგრამ ამასაც არ აწვდიდნენ. ექიმის შესვლამდე პატიმრებს არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს - წიწიბურა და მცირეოდენი პური. სხვა ექიმი თვალით არ უნახავთ. ბიძინაშვილის გადმოცემით, ვაჟა ექიმი სულ ამბობდა, რომ საპატიმროში „წითელი ჯვარი“ მუდმივად უნდა შედიოდეს და იზოლატორში პირობები უნდა გაუმჯობესდეს. პატიმრების საკანი ნესტიან სარდაფში იყო. ბიძინინაშვილი დარწმუნებულია, რომ ექიმს მალე გაათავისუფლებენ.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხერხდება. ამის შესახებ 17 ნოემბერს განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.

19 ნოემბერს, ცხინვალში ჩადიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ექიმის გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრებენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას.

ცხინვალის იზოლატორიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.9-დღიანი პატიმრობის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილთან საკანში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები მხოლოდ დღეს შეუშვეს. 

წყარო: რადიო თავისუფლება


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ინდოეთში ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა