შსს: პარლამენტთან აქციაზე სულ დაკავებულია 37 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს სულ დაკავებულია 37 პირი.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის ოთხი მონაწილე და ორი სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე პროტესტი პარლამენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ჩაგდების შემდეგ დაიწყო, თუმცა 17 ნოემბერს მასშტაბური აქცია გაიმართა და დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი პიკეტირება მოახდინეს. 18 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში პიკეტი პოლიციამ ძალის გამოყენებით მოხსნა და ამის შემდეგ პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა დაგვიანებით განახლდა. პარლამენტში არ შეუშვეს ჟურნალისტები. სხდომას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდმარე უძღვებოდა, მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას საპარლამენტო დებატებში ჩართვისკენ მოუწოდა. ოპოზიციის განცხადებით კი ახლა დებატების დრო არაა, ხელისუფლებამ კი დიალოგის რეჟიმი ამოწურა.

ოპოზიციური ლიდერები დღეს დიპლომატებსაც შეხვდნენ. 

რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებისას 20–მდე პირი დააკავეს. ოპოზიცია ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს