ოსური დე ფაქტო უშიშროება ქართველი ექიმის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ცხინვალის იზოლატორში მყოფ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „აქცენტი“ უცვლელად გთავაზობთ:   

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი ნოემბრის დასაწყისიდან საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დარღვევების შემთხვევების მატებას აღნიშნავს, კერძოდ, თვის დასაწყისიდან დღემდე უკვე 40 შემთხვევა დაფიქსირდა, დამრღვევებს სასამართლომ სხვადსხვა აღმკვეთი ღონისძიებები მიუსაჯა. 9 ნოემბერს სოფელ ორჭოსანის მიდამოებში დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ვაჟა გაფრინდაშვილი. არსებული ინფორმაციით, ამჟამად თბილისის მკვიდრი, იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო–სამედიცინო სამსახურის კაპიტანი გახლავთ და სამხედრო ექიმის რანგში აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ 9 ნოემბერს, დილით, გაფრინდაშვილი გამიზნულად ჩავიდა თბილისიდან სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ქართულ დასახლებულ პუნქტ საკორინთლოში, რის შემდეგაც უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი.. ვინაიდან მის მოქმედებებში შეინიშნება სს კოდექსის 322-–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, გაფრინდაშვილის მიმართ აღძრულია სს საქმე #991906. 15 ნოემბერს ლენინგორის [ახალგორის] რაიონულმა სასამართლომ აუცილებელი საგამოძიები მოქმედებებისთვის დროის უზრუნველსაყოფად მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  რესპუბლიკაში მოქმედი კანონის შესაბამისად, მას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევების გახშირება თბილისის რეჟიმის მიერ წნელისის მიდამოებში ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებას უკავშირდება, წარმოადგენს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ცნების განადგურებასა და 2008 წლის აგვისტოს მთავარი პოლიტიკური შედეგების რევიზიაზე მიმართული ჰიბრიდული ოპერაციის ნაწილს. გაფრინდაშვილისა და მისი კურატორების პროვოკაციულ ქმედებებზე სამხრეთ ოსეთის პასუხი არამც და არამც არ გასცდება სამართლებრივ ჩარჩოს, მიმართულია რეციდივისა და დაძაბულობის ესკალაციის არდაშვებაზე, ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე“.

ცნობისთვის: ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში უკანონოდ მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“.

ექიმის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი კვირის განმავლობაში არ დაუტოვებია ღუდუშაურის კლინიკა და ამას ადასტურებენ როგორც სხვა ექიმები, ასევე, საავადმყოფოს აღრიცხვის ბაზის მონაცემები. თამილა ლაფანაშვილის თქმით, პაციენტების სიმრავლის გამო ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში ცოტა ხნით მისვლასაც კი ვერ ახერხებდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ღუდუშაურის კლინიკაც საგანგებო რეჟიმით მუშაობდა. 

ოკუპანტებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
არგენტინაში მექსიკის ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ