გახარია აქციის მონაწილეებზე:"ფაქტობრივად, თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს"

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ 18 ნოემბრის აქციის დაშლა ლეგიტიმური იყო და ხელისუფლება შემდგომშიც ასე მოიქცევა, როცა "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებისკენ მოწოდებებს გააკეთებენ". 

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს.

„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია. თქვენ გახსოვთ ყველას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მაგრამ მას შემგომ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ჯერ ქუჩების ბლოკირებისკენ და ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებზე, შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა. ბლოკირების შემდგომ, ღამის განმავლობაში პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი - პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა. ფაქტობრივად თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის უფლებაც ჰქონდა. სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების, უკანონო ქმედებების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეეძლო თუ არა საკანონმდებლო ორგანოს გასვლითი სხდომა ჩაეტარებინა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ყუთთან, ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით.

„გადაკეტილი ქუჩები, გარდა იმისა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს უქმნის სერიოზულ პრობლემას, ცეცხლი და აღმართული ბარიკადები თბილისის ქუჩებში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ყუთთან, ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში არის ყველასთვის თავისუფალი და არავინ არსად არ წავა არანაირი სხდომის მოსაწყობად, მაშინ, როდესაც არსებობს პარლამენტი. კანონის ფარგლებში არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც ხდება ბარიკადების აღმართვა და სახელმწიფო ინსტიტუტის ბლოკირება, პოლიცია იმოქმედებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ რიგმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობები, მანდატი და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. 

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.

17 და 18 ნოემბერს დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. სამი გაფრხილების შემდეგ ძალოვანებმა პარლამეტთან აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. მომხდარის შედეგად  5 მომიტინგე და 2 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 37 პირი, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს