ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების განცხადებას სიცრუეს უწოდებს

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში უკანონოდ მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“.

ექიმის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი კვირის განმავლობაში არ დაუტოვებია ღუდუშაურის კლინიკა და ამას ადასტურებენ როგორც სხვა ექიმები, ასევე, საავადმყოფოს აღრიცხვის ბაზის მონაცემები. თამილა ლაფანაშვილის თქმით, პაციენტების სიმრავლის გამო ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში ცოტა ხნით მისვლასაც კი ვერ ახერხებდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ღუდუშაურის კლინიკაც საგანგებო რეჟიმით მუშაობდა. 

ოკუპანტებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"