მიტროპოლიტი დიმიტრი: "თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია"

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინადაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. 

მეუფე დიმიტრიმ შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

ოკუპანტებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ნიუ-ჯერსიში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა