ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე „მაინც დაგაბოქლომებთ“ შეთანხმდა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელსაც საზოგადოებას აქციაზე გააცნობენ. საკითხზე მსჯელობა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის პიკეტირება.

„სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით – „მაინც დაგაბოქლომებთ“. ვაგრძელებთ ამ კამპანიას, დღეს საღამოს, 19:00 საათზე ახალგაზრდების მხრიდან გაკეთდება განცხადება იმ შეთანხმებისა და სტრატეგიის შესახებ, რომელიც გვაქვს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მაინც დაგაბოქლომებთ“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, პაატა დავითაიამ აღნიშნა, პრინციპულ საკითხად რჩება პროპორციული არჩევნები.

ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ რიგმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობები, მანდატი და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. 

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.

17 და 18 ნოემბერს დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. სამი გაფრხილების შემდეგ ძალოვანებმა პარლამეტთან აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. მომხდარის შედეგად  5 მომიტინგე და 2 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 37 პირი, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება