ცხინვალი წნელისის კრიზისისა და დე ფაქტო საზღვრის გახსნის საკითხების გამიჯნვას არ აპირებს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება წნელისის კრიზისისა და დე ფაქტო საზღვრის გახსნის საკითხების გამიჯნვას არ აპირებს.

დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ამტკიცებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ე.წ. საზღვრის კვეთა ქართული პოლიტიკის მიზანმიმართული გაგრძელებაა. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას ის ამტკიცებდა, რომ საქართველო ყოველთვის "პროვოკაციულად" იქცევა დისკუსიების ახალი რაუნდის წინ.

ბიბილოვმა შეხვედრისას არაერთხელ გაუსვა ხაზი წნელისში ქართული საგუშაგოს გახსნის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ საკითხის დარეგულირების გარეშე პრობლემები ვერ მოგვარდება:

„როდესაც ადამიანს ფეხში ხიჭვი ერჭობა, მას მთელი სხეული სტკივა. ქართული პოსტი წნელისში ზუსტად ის ხიჭვია, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთელ სხეულს სტკივა“.

ცნობისთვის: ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას დახურული ე.წ. საზღვრისა და წნელისის საგუშაგოს საკითხების გამიჯნვისკენ მოუწოდებენ. მათი პოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განსაჯაროვდა.

„წნელისის ქართული საპოლიციო საგუშაგოს საკითხი არაერთგზის განხილულა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფარგლებში და ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ. თუმცა არსებობს ჰუმანიტარული საკითხებიც, რომელიც ერთის მხრივ – უსაფრთხოებას, მაგრამ მეორეს მხრივ მოსახლეობის ყოფას უკავშირდება და ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიფიქროთ, რა გავლენას ახდენს ეს ადგილობრივებზე. ზამთარი მოახლოვდა და გამშვები პუნქტები კარგა ხანია, დახურულია. ვთვლი, ამ საკითხის სწრაფ გადაწყვეტას უნდა მივაღწიოთ. ხოლო რადგან უახლოესი კვირის განმავლობაში, წნელისის საკითხს, დიდი ალბათობით ვერ გადავწყვეტთ. მოგიწოდებთ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან გამიჯნოთ. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ვფიქრობთ იმაზე, როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება უფრო ფართო კონტექსტში და გადავჭრათ არა მხოლოდ ერთი საკითხი, არამედ მსგავსი სიტუაციები სამომავლოდაც გამოვრიცხოთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და გათვლას ვაკეთებთ თქვენს მხარდაჭერაზე, თუმცა ვიმედოვნებთ, დავინახოთ მოვლენათა განვითარება ჰუმანიტარული პრობლემის გადასაწყვეტად“, – მიმართა ბიბილოვს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ტოივო კლაარმა.


ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა მისმა კოლეგამ გაეროდან ჯიჰან სულთანოღლუმ, ხოლო დისკუსიების კიდევ ერთმა თანათავმჯდომარემ რუდოლფ მიხალკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წნელისის საკითხის გადასაჭრელად ერთადერთი გზა მშვიდობიანია.

თავის მხრივ, ბიბილოვმა პრეტენზიები გამოთქვა თანათავმჯდომარეების მიმართ იმის გამო, რომ პრობლემის გადაჭრას ოსური მხარისგან ითხოვენ და აღნიშნა, რომ „ვინაიდან ყველაფერი ქართული მხარის პროვოკაციებით დაიწყო, პრობლემაც ქართულ მხარეზე ზეწოლის გზით უნდა გადაიჭრას და ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა, რომელიც 2008 წლის მსგავსად არ სრულდება“.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ინდოეთში ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა