რა «პოზიტიურ» გეგმას უმზადებს კრემლი «ცვლილებებისთვის მომწიფებულ» საქართველოს

რუსი ანალიტიკოსი, რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთ იდეოლოგად და რუპორად ცნობილი ალექსანრე დუგინი ვიდეო-ბლოგს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზე, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაზე, ასევე სამომავლო სცენარებზე საუბრობს და საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ძალებისადმი მთელ რიგ გზავნილებს აჟღერებს.

სანამ ბლოგის შინაარსის ქართულ თარგმანსა და ანალიზს შემოგთავაზებდეთ, ვიტყვით, რომ ბ-მა დუგინმა (ალბათ, უფრო უნებლიედ) «დათვური სამსახური» გაუწია ბოლო პერიოდში საქართველოში მომრავლებულ სხვადასხვა პროკრემლისეულ ძალებსა და ცალკეულ მოღვაწეებს, რომელთა ხმაც სულ უფრო ხმამაღლა და ხშირად ისმის ქართულ მედია- და საჯარო სივრცეში. როგორ? - კრემლის იდეოლოგმა ამ ერთ ბლოგში თავი მოუყარა ერთბაშად ყველა იმ ნარატივსა და პოზიციას, რომელსაც «ქართულ იდეას», «პატრიოტიზმს», «ტრადიციონალიზმსა» და სხვა მსგავს ფასეულობებს ამოფარებული ძალები თავად საქართველოში სულ უფრო გაბედულად და უტიფრად ახვევენ თავს მოსახლეობას. ჩვენი მკითხველი საქართველოში გაგონილ ამ ნარატივებს დუგინის ბლოგში ადვილად ამოიცნობს და, შესაბამისად, თვალნათლივ დაინახავს პირდაპირ კავშირს კრემლის იდეოლოგიას, რუსეთის ხელისუფლების მიზნებსა და საქართველოში მოქმედი ხსენებული ძალების პროპაგანდისტულ აქტივობებს შორის.

მკითხველისთვის საქმის კიდევ უფრო გასამარტივებლად წინასწარ ჩამოვთვლით რამდენიმე ასეთ ნარატივსაც, რომელსაც ქვემოთ დუგინის ნაამბობში შეხვდებით:

რუსებს ქართველები ყოველთვის უყვარდათ, რუსეთისთვის საქართველო  ყოველთვის სიწმინდე იყო, ორი მოძმე ხალხის დაპირისპირება დასავლეთის მზაკვრული გეგმა იყო და აჰყვა რა ამ გეგმას, საქართველომ რუსეთის მტრად საკუთარი ინიციატივით, საკუთარი ქმედებებით იქცია თავი;

ურთიერთობებში არსებული პრობლემები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს უკავშირდება;

ოკუპაცია მოსკოვის იძულებითი საპასუხო ნაბიჯი იყო აშშ-ის ეგიდით მოქმედი საქართველოს ნაციონალისტური ხელმძღვანელობის სწრაფვაზე, რუსეთის ინტერესების სრული უგულებელყოფით აფხაზებისა და ოსებისთვის ნებისმიერ ფასად თავს მოეხვია ლიბერალური, პროდასავლური კურსი;

ღვთისმშობლის წილხვედრობა, ერთმორწმუნეობა, ეკლესიათა ერთობა, სულიერი, კულტურული, ტრადიციული სიახლოვე ხალხებისა, რომლებიც უერთმანეთოდ ვერ იარსებებენ;

საქართველო - ეს არის სრულიად არადასავლური, არალიბერალური, უნიკალური უძველესი ტრადიციების კულტურა, რომელსაც დასავლეთი ქართულ იდენტობასთან ბრძოლით გამიზნულად ანადგურებს;

ქართველებს იდენტობის შენარჩუნებაში მხოლოდ რუსეთი დაეხმარებათ; რუსეთს სჭირდება არა პრორუსული, არამედ   პროქართული საქართველო – განუხრელად ორიენტირებული ქართული ტრადიციებისა და კულტურის აღორძინებაზე, არა მონა, არამედ ჭეშმარიტი მეგობარი;

რუსეთის იმპერია არასოდეს ყოფილა ისეთი სასტიკი, როგორც დასავლური იმპერიები, რომლებიც ცეცხლითა და მახვილით იმორჩილებდნენ ხალხებს და მერე მონებად უწევდნენ ექსპლუატაციას;

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება [რუსეთის მიმართ] წინამორბედებზე შეუდარებლად უკეთესია, თუმცა არა იდეალური;

რა თქმა უნდა, ქართველებს გული სწყდებათ საქართველოს დაშლის გამო, თუმცა აცნობიერებენ, რომ რუსების ბრალეულობა ამაში მცირეა და საკვანძო თავად საქართველოს ბრალეულობა იყო;

საქართველოში კონსერვატიული გადატრიალება მწიფდება: კონსერვატიული პოლიტიკოსების იდეები საზოგადოებაში ყოველდღიურად სულ უფრო პოპულარული ხდება, საქართველო სულ უფრო გააფთრებულ წინააღმდეგობაში შედის ანტიქრისტეს ლიბერარულ სამყაროსთან და ამ ბრძოლაში ქართველები რუსეთისთვის «მისიანები» არიან.

თუ საქართველო კარგად მოიქცევა, რუსეთი ეხლა – არა, მაგრამ ოდესმე  ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუბრუნებს.

ეს კი - დუგინის დაპირებული ქართული თარგმანი:

«საქართველო ძალზე მძიმე თემაა სასაუბროდ, რადგან ეს უკავშირდება ჩვენი კონფლიქტის მთელს ტრაგიზმს, ამ ქვეყანაში განვითარებულ მძიმე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის - 2008 წლის ომს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, მანამდე კი - იმ ბნელ კურსს, რომელსაც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ – გამსაურდიას, შემდეგ – შევარდნაძის და განსაკუთრებით სააკაშვილის დროს ატარებდა.

საყოველთაოდ ცნობილია ისტორია, როდესაც საქართველო აქტიურად იღწვოდა საბჭოთა კავშირიდან გასვლისთვის და არანაკლებ აქტიურად უწყობდა ხელს სსრკ-ის დაშლას; შემდეგ ამ ქვეყანაში სერიოზულად იფეთქა რუსოფობიის ტალღამ და ქართული პოლიტიკა ყალიბდებოდა რუსეთის მიმართ ოპოზიციურ მიდგომაზე, ნატო–სა და ევროკავშირთან დაახლოებაზე, აშშ–სკენ სწრაფვაზე; როგორ მიიყვანა ამ ყველაფერმა საქართველო სუამ–ამდე – პოსტსაბჭოთა სივრცეში საინტეგრაციო პროცესების მოწინააღმდეგე ბლოკამდე ... ერთი სიტყვით, 1990–2000–იან წლებში საქართველო ბარიკადების მეორე მხარეს, ანუ რუსეთის მიმართ ოპოზიციურ ბანაკში  აღმოჩნდა. იგი უახლოვდებოდა ჩვენს მოწინააღმდეგეებს, სრულ იგნორირებას უწევდა რუსეთის ინტერესებს და ჩვენ ფაქტობრივად, მტრებად გადავიქეცით...

განხეთქილება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში უდიდესი ტრაგიზმით ხასიათდება: ნებისმიერ მოძმე ქვეყანასთან განხეთქილება ცუდია, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობების შემთხვევაში ეს უბრალოდ კატასტროფულია, რადგან ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ეს არის სრულიად უნიკალური, ტრადიციული, სრულიად არადასავლური, არალიბერალური უძველესი კულტურა, რომელიც ყველა რუს ადამიანს ყოველთვის უყვარდა; ეს არის არაჩვეულებრივი ხალხი, გასაოცარი საზოგადოება, რომელმაც ადგილის შეუცვლელად შეინარჩუნა უძველესი ტრადიციები და როგორც უდიდესი ქართველი პატრიოტი, დიდი ინტელექტუალი ლევან ვასაძე აღნიშნავს, «ქართველებს ისტორიაში არაფერი უძებნიათ, ამიტომაც დარჩნენ იქ, სადაც გაჩნდნენ». და ეს მართლაც გრანდიოზული მიღწევაა, გამორჩეული, უნიკალური ფასეულობა. ერთი სიტყვით, ქართველები - ეს არის უძველესი მართლმადიდებელი ერი, რომელიც თავისი უძველესი ტრადიციებით ცხოვრობს. და როგორ მოხდა ის, რომ იგი ჩვენს მტრად იქცა? როგორ მოხდა, რომ მას ისეთი ბნელი პერსონაჟები უდგებოდნენ  სათავეში, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი – ეს, რა თქმა უნდა, მისტიკაა.

განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ეტაპზე, ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი ეკლესიების დონეზე ყოველთვის ნარჩუნდებოდა საუკეთესო ურთიერთობა.  რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლების სიბრძნე აჩვენებდა, რომ ჩვენი პოლიტიკური წინააღმდეგობები უბრალოდ ანომალიაა, რაღაც არაბუნებრივი, რაღაც, რაც მიმართულია ჩვენი  მართლამადიდებელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის, ძმობის განადგურებისკენ – ხალხებისა, რომლებიც რეალურად ერთმანეთს ჰაერივით სჭირდებიან  და უპირველესად – სწორედ სულიერად. ვერცხლის ხანის ყველა რუსი პოეტი ხომ თავის ვალდებულებად მიიჩნევდა, ქართული ნაწარმოებები ეთარგმნა; საბჭოთა პერიოდში საქართველოში ნამდვილი ოაზისი იყო შექმნილი თავისუფალი რუსული აზრისთვის, თავისუფლად იბეჭდებოდა ის, რისი ბეჭდვაც წარმოუდგენელი იყო ტოტალიტარული მატერიალისტური სისტემის პირობებში... ერთი სიტყვით, საქართველო ჩვენი სიწმინდეა. იგივე ლევან ვასაძე მას «მეორე იერუსალიმს» უწოდებს, ხოლო მოსკოვს – «მესამე რომს»... ასე, რომ საქართველოს სულიერი, საკრალური მნიშვნელობა ჩვენთვის კოლოსალურად დიდია.

და აი, იმ ხსენებული ტრაგიკული სიტუაციების შემდეგ, როდესაც ჩვენ გაგვყვეს, როდესაც აუცილებელი გახდა საქართველოს დანაწევრება (აქვე მინდა, ვთქვა, რომ ეს არ იყო რუსეთის გამარჯვება, ეს იყო პასუხი გამოწვევაზე: გამარჯვება მაშინ იქნებოდა, რუსეთი და საქართველო რომ ძმურ შეთანხმებამდე, ურთიერთგაგებამდე მისულიყვნენ, საქართველოს ხელმძღვანელობას რომ გაეთვალისწინებინა რუსეთის, ასევე ჩვენი პროტექციის ქვეშ მყოფი აფხაზი და ოსი ხალხების (ხოლო ამ უკანასკნელთა მიმართ ჩვენი პროტექცია – ეს იყო უბრალოდ აუცილებლობა, ამას ეთიკა მოითხოვდა, ამ ხალხებზე ხომ რუსეთი პასუხს აგებს) ინტერესები... ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო, ასეთ უკიდურესობებამდე საქმე არ მივიდოდა. მაგრამ ამერიკის ეგიდით მოქმედი ქართული ნაციონალიზმის მხრიდან რუსეთის ინტერესების სრული უგულებელყოფით აფხაზებისა და ოსებისთვის ნებისმიერ ფასად ლიბერალური, პროდასავლური კურსის თავს მოხვევისკენ სწრაფვამ საბოლოო ჯამში, კატასტროფამდე მიგვიყვანა), დგება ეტაპი, როცა ეს ყველაფერი წარსულს ბარდება...

წარსულში დარჩა გეორგიევსკის ტრაქტატიც და რუსეთის იმპერიის ძალზე მოუქნელი ქცევაც (მართალია, ჩვენ ჩავრთეთ საქართველო, თუმცა ბოლომდე არ შეგვისრულებია ჩვენი ვალდებულებები და არ შეგვინარჩუნებია ქართველებისთვის სულიერი ავტონომია, რაც აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. ზოგადადაც, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს იმპერიას ხანდახან გამოსდიოდა მეგობრობა, ხანდახან – არა. შესაძლოა, ჩვენ არ ვიყავით ისეთი სასტიკები, როგორც დასავლური იმპერიები, რომლებიც ცეცხლითა და მახვილით იმორჩილებდნენ ხალხებს და მერე მონებად უწევდნენ ექსპლუატაციას. მაგრამ მაინც, ხანდახან სხვის მიმართ ტაქტის, გემოვნების, პატივისცემის გრძნობა გვღალატობდა. ამიტომაც ჩვენ პრაგმატული მიდგომა გამოგვიმუშავდა საქართველოს მიმართ, არადა, ამ უნიკალური კულტურის მიმართ უნდა გვქონოდა ისეთი დამოკიდებულება, როგორიც სიწმინდის მიმართ აქვთ. და ჩვენი ამოცანა საქართველოს არდაკარგვა, შენარჩუნება, დახმარება, ქართველებისთვის საკუთარი სამყაროს ქონის, საკუთარი ეკლესიის ყოლის უფლების მიცემა უნდა ყოფილიყო. რა დაგვაკლდებოდა ამით?! მაგრამ ხშირად ჩვენ არასწორად ვიქცეოდით, ისევე, როგორც ხშირად ქართული ხელმძღვანელობა იჩენდა უმადურობას).

ეხლა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვითარება ნორმალიზდება: პოლიტიკის, ეკონომიკის, ყოველგვარი სტრატეგიების საპირისპიროდ, ორი ხალხი ერთმანეთისკენ ისწრაფვის; ჩვენ თვალს ვადევნებთ ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღორძინებას; მიუხედავად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხსენებული ამბებისა, რუს ტურისტებს საქართველოში თბილად ხვდებიან (რა თქმა უნდა, ქართველებს გული სწყდებათ საქართველოს დაშლის გამო, თუმცა სინამდვილეში ისინი აცნობიერებენ, რომ რუსების ბრალეულობა ამაში საკმაოდ მცირეა და საკვანძო საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობა იყო); დაწყებულია ურთიერთობების ნორმალიზება და ამაშიც დიდ როლს ასრულებენ ეკლესიებიც, თუმცა პოლიტიკური კუთხითაც ნელ–ნელა ხიდების გადებაა დაწყებული...

დადგა მომენტი, როდესაც აუცილებელია საქართველოსთვის ურთიერთქმედების ახალი, პოზიტიური ვარიანტის შეთავაზება (ნეგატიური ჩვენც გამოვცადეთ და ქართველებმაც, უბრალოდ ჩვენ უფრო მიზანდასახულები, უფრო გამბედავები აღმოვშნდით და ალბათ, იმ ვითარებაში სწორედ ასე იყო საჭირო). ეხლა უფრო დადებითი, პერსპექტიული პროექტი გვჭირდება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობისთვის.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ფუნდამენტურად უკეთესია წინაზე, ბევრად უფრო წინდახედული: იგი უარს არ ამბობს ნატო–ზე და ზოგადად დასავლეთზე, თუმცა რიტორიკისა და საერთოდ რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით უფრო რაციონალურია, ამიტომაც მასთან საქმის დაჭერა შესაძლებელია.  ამავდროულად, თავად საქართველო, ქართველი ხალხი კმაყოფილი არ არის, რადგან დასავლური საზოგადოება სულ უფრო ღრმად იკიდებს ფესვებს საქართველოში, არღვევს ტრადიციულ მოწყობას, ქართულ იდენტობას: მთელი ეს გეი-აღლუმები, მარიხუანის მინდვრები და დასავლური, ევროპული ცივილიზაციის სხვა „სიკეთეები“ უკვე თავად ქართულ საზოგადოებას აღიზიანებს.  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენი არსებული სტატუსით ალტერნატივა ვერ იქნება, ქართველები უკვე აღარ ირჩევენ რუსეთსა და დასავლეთს შორის, მათთვის არჩევანი უკვე ასე დგას: «ან დასავლეთი, ან საქართველო» და თუ რუსეთი რაღაც მტრულად, ხისტად, ერთგვარ დათვად მოიაზრება, რომელიც საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად საკმაოდ მოუქნელად მოქმედებს, ეს დასავლეთთან დაახლოების მომხრეებს, რა თქმა უნდა, დამატებით არგუმენტებს აძლევთ. ამიტომაც, ჩემი აზრით, სწორედ ახლა, როდესაც ქართული საზოგადოება დგას ძალიან სერიოზული არჩევანის წინაშე, რა მიმართულებით გააგრძელოს განვითარება (ამას ნატო-ც გრძნობს და ქართველებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიღებასაც კი სთავაზობს, რადგან შავ ზღვაზე სამხედრო ბაზას შესაბამისი პორტებით უკვე სტრატეგიული ბალანსის მის სასარგებლოდ შეცვლა შეუძლია), როდესაც ქართველი ხალხი სულ უფრო მეტად აცნობიერებს ტრადიციონალიზმთან, ქართულ იდენტობასთან დაბრუნების აუცილებლობას და უარს ამბობს ამ ყველაფრის  საბოლოოდ მორღვევის პერსპექტივაზე, როცა საქართველოში კონსერვატიული გადატრიალება მწიფდება და სულ უფრო გამოხატულ კონტურებს იძენს, როცა კონსერვატიული პოლიტიკოსების იდეები საზოგადოებაში ყოველდღიურად სულ უფრო პოპულარული ხდება, პარალელურად კი სულ უფრო მწვავდება დაძაბულობა პროდასავლურ და ტრადიციონალისტ პოლიტიკურ ძალებს შორის, სწორედ ახლა რუსეთს გადასაწყვეტი აქვს, როგორ მოვიქცეთ ჩვენ.

ჩემი აზრით, ჩვენ ქართულ ტრადიციონალისტ ძალებს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ და ვუთხრათ:

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუაცია - ეს იყო აუცილებელი პასუხი სწორედ დასავლეთის მიერ საქართველოსთვის თავსმოხვეულ სტრატეგიაზე, დასავლურ გამოხტომაზე (იგივე სააკაშვილს ცხინვალზე თავდასხმის კუთხით კონსულტირებას ჰიპერგლობალისტი ბერნარ–ანრი ლევი [ფრანგი ჟურნალისტი, აქტივისტი და ფილოსოფოსი – რედ.] უწევდა), რომ ეს იყო არა ქართული თამაში და ქართველებმა ამ არაქართულ თამაშში ძალიან ბევრი რამ დაკარგეს;

რა თქმა უნდა, რუსეთი ეხლა ვერ იტყვის, „ჩვენ ყველაფერს დაგიბრუნებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო“, რადგან უკვე დაწერილია ისტორია, გადადგმულია აღიარების ნაბიჯები, არსებობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოები, თუმცა ცხადია, რომ ეს ყველაფერი დროებითი მოვლენაა და მიუხედავად იმისა, რომ სტატუს–ქვო შეიძლება, გაგრძელდეს, რომელ დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობაზეა საუბარი? – ისინი ან რუსეთს უნდა შეუერთდნენ, ან რაღაც გზით, უკვე ახალ კონტექსტში დაიწყონ საუბარი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ანუ, მათთვის უნდა შეირჩეს რაღაც ახალი ვარიანტი, სულ სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით.

ჩვენ არ გვჭირდება პრორუსული საქართველო, არ გვჭირდება მონები, ჩვენ გვჭირდება ჭეშმარიტი მეგობრები, ჩვენ გვჭირდება არა პროამერიკული, არა პრორუსული, არამედ პროქართული საქართველო, რომელიც ერთგული იქნება თავისი იდეალების და აიღებს კურსს ქართული ტრადიციებისა და კულტურის სიღრმისეულ აღორძინებაზე. ქართველები ჩვენი ძმები არიან და ჩვენ უნდა ვიყოთ კიდეც ძმები – არა უფროსი და უმცროსი, არამედ უბრალოდ ძმები.

ახლა, როცა ვდგავართ ახალი ეტაპის წინაშე საქართველოს ისტორიაში და რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში, დასაკარგი დრო არ გვაქვს, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგეები საქართველოში ამ ორი სახელმწიფოს [აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონები – რედ.] რუსეთთან დაპირისპირების კარტს ათამაშებენ, როგორც არგუმენტს თავის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ეს ტყუილია, თუმცა ყველა შემთხვევაში, მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება და დროულად უნდა ვიმოქმედოთ სერიოზული ცვლილებების კარზე მდგომ საქართველოში ტრადიციონალისტი ძალების დასახმარებლად.

ქართველები ჩვენ მხოლოდ იმისთვის კი არ გვჭირდებიან, რომ ისინი ნატო–მდე არ მივუშვათ (თუმცა ეს ძალზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური ამოცანაა), ქართველები ჩვენი მართლმადიდებელი სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც სულ უფრო გააფთრებულ წინააღმდეგობაში შედის ანტიქრისტეს სამყაროსთან; ამ ბრძოლაში ქართველები ჩვენები არიან, უპირველესად - სულიერად, კუტურულად ჩვენები, ისევე, როგორც, სხვათა შორის, ოსები და აფხაზები – ისინი ყველანი ჩვენები არიან და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს გაერთიანება–აღორძინებას უკვე ახალი პირობებით, ახალ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ახალი ძალებით და თანდათანობითი დაბრძენების პროცესში მყოფი ხელმძღვანელი პირებით. საქართველის დღევანდელი ხელმძღვანელი ხომ ყველა წინამორბედთან შედარებით, ნამდვილად დადებითი მოვლენაა.  შესაძლოა, არც ისაა იდეალი, თუმცა ეს აშკარად არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.

ვფიქრობ, საწყის ეტაპზე სავიზო პოლიტიკა უნდა შევცვალოთ, ხოლო შემდეგ დავიწყოთ აქტიური მუშაობა ქართველებთან მათ მომავალთან დაკავშირებით. პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება, უცვლელია მხოლოდ ხალხებს შორის სიღრმისეული ურთიერთობები, კულტურათა სიღრმისეული იდეოლოგიური და სულიერი კავშირები და ამ მხრივ ქართველები ჩვენი ძმები არიან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და არის, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, - ყველა ეს წმიდათა წმინდა ფაქტორი დღეს თავად გვეხვევა თავს, ჩვენ მათ იგნორირებას ვერ გავუწევთ, რადგან პოლიტიკის რელიგიური და სულიერი განზომილება – ეს ისაა, რაც თვალშისაცემია მთელს მსოფლიოში.

რომ შევაჯამოთ, ჩვენ დღეს ვდგავართ საქართველო–რუსეთის ურთიერთობაში ახალი ეპოქის ზღურბლზე, თავად საქართველოში ძალზე სერიოზული ცვლილებები მწიფდება, ქვეყანაში ძლიერდება პროქართული ძალები და სწორედ ისინი უნდა იქცნენ ჩვენს მთავარ პარტნირებად და მოკავშირეებად. მესმის, რომ ეს საკმაოდ რთულია და მოითხოვს ჩვენი შეხედულებების მნიშვნელოვან ცვლილებასაც, თუმცა თავად ისტორია გვიბიძგებს ამ მიმართულებით».

დუგინის მორიგ ქმნილებაზე “აქცენტი” “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის” დამფუძნებელ გიორგი მოლოდინს ესაუბრა.

“რუსი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე ვიქტორ ვლადიმერის ძე ეროფეევი წერდა: „რუსეთთან ვერასოდეს მორიგდები: მასში ერთობ ბევრი ნეხვია შეზავებულიო [...]”. დუგინი დღევანდელი რუსეთის, მისი ხელისუფლების სახეა და ჩვენ მათთან ვერასოდეს მოვრიგდებით. თუმცა სასარგებლოა, პერიოდულად გავიხსენოთ, ვინ არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და მომავალ თაობებსაც დავუტოვოთ მასთან ურთიერთობის გამოცდილება» - თვლის ქართველი ანალიტიკოსი.

მისი შეფასებით, დუგინი «საუბრის დასაწყისშივე ამჟღავნებს იმას, რომ რუსეთი ისევ ავად არის და მისი მკურნალობა ფაქტობრივად, შეუძლებელია».

«როგორც ჩანს, რფ-ში დღემდე განსაკუთრებულად სწყინთ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლა, სწყინთ იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინის, ლიეტუვას, ესტონეთის და სხვა ყოფილი რესპუბლიკებისა... მოსკოვისთვის ეს ღალატი, მიჯნურებს შორის განხეთქილებაა. ისინი ფიქრობენ, რომ ჩველ ვალში ვართ მათთან, არადა ყველაფერო სისხლის ფასად გვაქვს გადახდილი, თუკი საერთოდ შეიძლება, რამეზე ითქვას, რომ მათ ეს საქართველოსთვის და ქართველებისთთვის გააკეთეს.

დუგინი თავის სიტყვაში კარგად ცნობილ რუსულ ტყუილზეც საბრობს, რომელსაც პრეზიდენტი პუტინიც კი იმეორებს ხოლმე - ქართველი ხალხისადმი რომ განსაკუთრებული სიყვარული აქვთ და მთავარი პრობლემა რომ მთავრობა და/ან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოში აფხაზეთის და ცხინვალის სეპარატისტულ მოძრაობებს თბილისის წინააღმდეგ აქეზებდა, დღის წესრიგში არც ნატო-ში ინტეგრაცია იდგა, არც ევროკავშირში.

როგორც ჩანს, მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკური ადმინისტრაცია არ აპირებს, ან არ შეუძლია, აღიაროს რეალობა, რომ საქართველოს და საქართველოშიმცხოვრებ ხალხებს მოსკოვი არ მოსწონთ, არ უყვართ და არც სჭირდებათ სტრატეგიულ პარტნიორად. კრემლში ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება,  საქართველოსთის სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ დასავლური სახელმწიფოები. ისინი ვერც იმას აცნობიერებენ, რომ გარდა ჩვენი უნებრივი დასავლელობისა, მათი წვლილიც დიდია ამ საქმეში. მათ  არ აქვთ უნარი, გააცნობიერონ თავიანთი დანაშაული საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე და გაკვირვებულები, ჩვენს ანტირუსულ განწყობებს „ბნელ მისტიკას“ მიაწერენ.

წარმოუდგენელი სითავხედე და უტიფრობაა დუგინის მოსაზრება, «საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებული ლოიალობით  გამოირჩევიან რუსი ტურისტების მიმართ და ეს - მას შემდეგ, რაც ჩვენ, რუსეთმა, აფხაზეთსა და ცხინვალში ქართველების წინააღმდეგ ჩავიდინეთო». დუგინი ქართველთა თბილ დამოკიდებულებას ჩვენს სიბრძნესა და სწორი ანალიზის უნარს მიაწერს და ამ დასკვნას ცოტა გაკვირვებული აკეთებს, თუმცა მაინც თამამად და იმავდროულად ურცხვად ამბობს, «როგორც ჩანს ქართველებმა გააცნობიერეს, რომ ამ სისასტიკეების და ამ დანაშაულების მიზეზი არა რუსი ხალხი, არამედ მათი, ქართველების მთავრობები არიანო».

დუგინი ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს და შეცდომაში შეიყვანოს სამიზნე აუდიტორია, თითქოს არსებობს გარკვეული პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც მოსკოვმა შეიძლება, თბილისს შესთავაზოს. ამ ყველაფერს იგი კლასიკური პროპაგანდისტული გზავნილებით ცდილობს: ავითარებს ანტიდასავლურ, ანტიქართულ გზავნილებს; ახალისებს ანტილიბერალურ განწყობებს ტრადიციებსა და კონსერვატიზმზე ყალბი აქცენტირებით.

სამწუხაროა, რომ ამ სატყუარას, ამ პროპაგანდას წარმატებით ისრუტავენ საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე საექსპერტო წრეების ზოგიერთი წარმომადგენლები, ასევე «სასარგებლო» იდიოტების საკმაოდ დიდი არმია.

საგულისხმოა, რომ ამ ვიდეობლოგში დუგინი თბილად იხსენიებს ლევან ვასაძეს, რომელიც ცნობილია თავისი დესტრქუციული და ლამის ანტისახელმწიფოებრივი განწყობებით» - განაცხადა გიორგი მოლოდინმა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)