ლევან დავითაშვილმა ფერმერებს პროფესიული დღე მიულოცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფერმერებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მისი თქმით, ფერმერებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა, ამიტომ შეღავათიანი აგროპროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით, ფერმერებსა და მეწარმეებზე 37 ათასზე მეტი შეღავათიანი სესხია გაცემული.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს ფერმერის დღეა. ყველა ფერმერს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ კარგად ვიცით თქვენი შრომის ფასი. ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგახართ. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო პროექტი და აქტივობა ამ გამოწვევების გათვალისწინებით იგეგმება.

ვფიქრობ, თქვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა და, სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან შეღავათიანი აგროპროექტის განხორციელება დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, ფერმერებსა და მეწარმეებზე გაცემულია 37 ათასზე მეტი შეღავათიანი სესხი.

მეხილეობის დარგის განვითარებისთვის პროექტი „დანერგე მომავალი“ შეიქმნა. ჩვენ ტრადიციულად მივდევთ სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებას და მოხარული ვარ, რომ თქვენი აქტიურობით, შრომისმოყვარეობით და ჩვენი მხარდაჭერით უკვე გაშენებულია 8 ათასამდე ჰექტარი ვაშლის, ქლიავის, მსხლის, ხურმის, კალის, ნუშის და კენკრის ბაღები.

სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროექტები ხორციელდება მესაქონლეობის, თაფლის წარმოების, მეთხილეობის, მეჩაიეობის გასავითარებლად. მევენახეობა-მეღვინეობაში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა სახელმწიფო მხარდაჭერამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა. თქვენი აქტიურობით და ჩვენი თანადგომით შენდება გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოები. რისკების, რომელიც აგრარულ სფეროში საკმაოდ მაღალია, დაზღვევის მიზნით, მოქმედებს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტი, რომელშიც სულ უფრო მეტი მეწარმე და ფერმერი ერთვება.

სახელმწიფოს მხრიდან წარმატებულად განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის პროექტი და ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება მუშაობა.

მინდა ახალგაზრდების მხრიდან დარგით დაინტერესებასაც გავუსვა ხაზი და აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება. ახალგაზრდების გარეშე, მათი შესაძლებლობების გამოყენების გარეშე ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ დარგის ადეკვატურ განვითარებას. მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო პროექტებში, რომლის მიზანიც სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაა, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება“- განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელმაც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური აღორძინება უნდა უზრუნველყოს, სწორედ სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარებაა.

„მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ფეხდაფეხ მიყვებით განვითარების პროცესს, იღრმავებთ ცოდნას, ნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს და ქმნით კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქტს, პროდუქტს, რომელიც ეტაპობრივად იმკვიდრებს საკუთარ ადგილს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ თქვენს გვერდით ვარ წარმოების სრული ჯაჭვის ყველა ეტაპზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება, რაც ქვეყნის ეკონომიკის და, შესაბამისად, ქვეყნის წარმატებას ნიშნავს. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. პროდუქციის რეალიზაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება.

გამოწვევები და, შესაბამისად, დაგეგმილი აქტივობები სამომავლოდ მრავლად გვაქვს. სოფლის მეურნეობა ის დარგია, სადაც გაწეული შრომისა და დანახარჯის ხელშესახები შედეგის მიღებას რამდენიმე წელი სჭირდება. ჩვენ ნაბი-ნაბიჯ მივდივართ და ამ მასშტაბურ შედეგებს მალე ვნახავთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინება უნდა უზრუნველყოს, სწორედ სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარებაა. მთავარი ძალა კი თქვენ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ადამიანები ხართ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება