“ვაჟა ექიმის ფენომენი”: რას ფიქრობენ ცხინვალში?

“ვაჟა ექიმის ფენომენმა“ არა მარტო თბილისი, ცხინვალიც აშკარად დააბნია. განცხადებამ, რომელიც 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასა და მისთვის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით 19 ნოემბერს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის დიდ ნაწილში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. ბევრი თვლის, რომ “სჯობდა, კომიტეტს ხმა საერთოდ არ ამოეღო, რადგან მსგავსი განცხადებით მან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას მხოლოდ მორიგი სარეპუტაციო დარტყმა მიაყენა”.

თავად განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ “სახელმწიფო კომიტეტის ხელთ არსებული ინფორმაციით, თბილისის მკვიდრი ვაჟა გაფრინდაშვილი სამხედრო ექიმის რანგში აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში”.

“ამხანაგო ჩეკისტებო, ჩამოყალიბდით: ან სამხედრო ექიმი, ან აქტიური მონაწილეობა, რადგან აქტიური მონაწილეობა გულისხმობს სროლას ან გარკვეული სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო სამხედრო ექიმობა – დაჭრილების დახმარებას, თანაც ორივე მხრიდან, მათ შორის – ტყვედ ჩავარდნილი რუსი მფრინავებისაც. განცხადების ამ ნაწილში აშკარად ჩანს კომიტეტის სურვილი, ექიმს იარლიყები მიაკრან, წარმოაჩინონ ლამის სამხედრო დამნაშავედ. ეს ნაბიჯი მოტივაციის სიდიდესა და არგუმენტების სიმცირეს წარმოაჩენს. როგორც ჩანს, უშიშროება ახლა ჰიბრიდული ომის გზას ადგას” - წერს ამასთან დაკავშირებით “რადიო თავისუფლების” ადგილობრივი ანალიტიკოსი მურატ გუკემუხოვი.

ამასთანავე, გაფრინდაშვილის ოჯახმაც და კოლეგებმაც მისი არა მარტო 2008 წლის მოვლენებში მონაწილეობა, არამედ ზოგადად სამხედრო ექიმობაც კატეგორიულად უარყვეს.

შემდეგ დე ფაქტო კომიტეტის განცხადებაში ვკითხულობთ: «აღნიშნული მიზეზით გაფრინდაშვილისა და მისი კურატორების პროვოკაციულ ქმედებებზე სამხრეთ ოსეთის პასუხი სამართლებრივ ჩარჩოს არ გასცდება და მიმართული იქნება რეციდივისა და დაძაბულობის ესკალაციის არდაშვებაზე, ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე».

“თურმე, გაფრინდაშვილს ვიღაც კურატორები ჰყოლია. არა ხელმძღვანელები თბილისში, არამედ კურატორები – როგორც ჩანს, ბრიუსელსა და ვაშინგტონში, - თავად ცხინვალის ანალოგიით, რომელსაც კურატორები მოსკოვში ჰყავს” - აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით გუკემუხოვი.

იგი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მიმდინარე თვის დასაწყისიდან დღემდე დე ფაქტო საზღვრის ე.წ. დარღვევის ბრალდებით 40-მდე პირი იყო დაკავებული, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ ყველა გაათავისუფლეს; გასული წლის 11 თვის განმავლობაში ამ ბრალდებით 460 ადამიანი იყო დაკავებული და ჯარიმების გადახდის შემდეგ ყველა გათავისუფლდა; საერთოდაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გასული მთელი პერიოდის განმავლობაში ამ ბრალდებით ციხეში არავინ გადაუგზავნიათ, 9 ნოემბერს დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა, რომელმაც “[ე.წ. საზღვრის აღიარებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის საკითხებში – რედ.] პრინციპული პოზიცია დაიკავა, სასამართლო პროცესზე პოლიტიკური განცხადებები აკეთა, ოსური მხარის წარმომადგენლებს ეუხეშა – და მკაცრმა რეაქციამაც არ დააყოვნა: მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს”.

“ამის გამო თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება ცხინვალის მხრიდან პატივისცემის მოთხოვნად გამოიყურებოდა, თუმცა უშიშროების კომიტეტის განცხადებამ ეს ყველაფერი გადახაზა. ახლა ცხინვალის ხელისუფლების ეს ნაბიჯი წარმოჩინდება ლამის მცდელობად, ექიმის მიმართ მძიმე დანაშაულში ბრალდება “შეკერონ” და იგი ე.წ. წნელისის კრიზისის ნაწილად აქციონ. ამგვარად, უშიშროებამ ამ საქმეში თავისი მომგებიანი პოზიცია სრულიად წამგებიანად გადააქცია” - წერს გუკემუხოვი

რაც შეეხება თავად ვაჟა გაფრინდაშვილის უპრეცედენტო ნაბიჯის მიზანს, დღემდე გამოთქმულ ყველა ვერსიას ცხინვალში არადამაჯერებლად მიიჩნევენ, ხოლო თავად ისტორიას – გაუგებრად და უაზროდ.

ქართულ მედიაში გაჟღერებული თავდაპირველი ვერსია – რომ გაფრინდაშვილი ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ჭაში ჩავარდნილი ქალბატონის – თამარ გიგაურის საშველად მიდიოდა, ფაქტობრივად გამოირიცხა: თუ ასე იყო, რატომ არავინ ელოდა (თავად გიგაურების ოჯახი აცხადებს, რომ საშველად საქართველოს მიერ კონტროლირებადი  ტერიტორიიდან არავისთვის მიუმართავს. აქ არც ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის არგუმენტი გამოდგება – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქართველ ექიმებს დე ფაქტო საზღვარი ადრეც არაერთგზის გადაუკვეთავთო, - რადგან მსგავს შემთხვევებში ისინი ტყე-ღრე კი არა, ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების გასვლით გადადიოდნენ)? ამასთანავე, გაუგებარია, რატომ კვეთდა ვაჟა ექიმი დე ფაქტო საზღვარს ორჭოსანთან? – ეს ხომ საკმაოდ შორია ახალგორიდან, სადაც გიგაური ცხოვრობს; თანაც, წინაგარის ზონიდან ახალგორში ან ცხინვალში მოხვედრა ძალზე რთულია ყველა ჩამსვლელისთვის საბუთების ყოველ ნაბიჯზე შემოწმების გამო და თუ გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა, უფრო ლოგიკური იქნებოდა, დე ფაქტო საზღვარი აღმოსავლეთიდან, დუშეთის მხრიდან გადაეკვეთა, სადაც შეუმჩნევლად გადასვლა ბევრად მარტივია და მანძილიც ძალზე მცირე.

20 ნოემბერს ქართველი ექიმი ცხინვალის იზოლატორში ოჯახის მიერ ჩრილოეთ ოსეთში დაქირავებულმა ადვოკატმა ვლადიმირ ფიდაროვმა მოინახულა. მანვე გააჟღერა ახალი ვერსია – ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკლესიაში სალოცავად მიდიოდაო:

"[…] შემიძლია, გითხრათ, რომ ვაჟა ნორმალურადაა, არანაირ ბრალეულობას არ გრძნობს. ყველაფერი იმის გამოა, რომ მას ეკლესიაში უნდოდა ჩასვლა სალოცავად. სულ ესაა, მეტი არაფერი [...]",- განაცხადა ფიდაროვმა. 

რამდენად ლოგიკურია ეკლესიაში სალოცავად თბილისიდან ოკუპირებულ რეგიონში გამგზავრების ვერსია – თავად განსაჯეთ.

“ამ ისტორიას, რომელსაც ვერავინ იგებს, არავისთვის აქვს აზრი – თუ, რა თქმა უნდა, აზრი თავად სკანდალში არ მდგომარეობს. ამიტომაც ბევრი ცხინვალში ამ ამბავს «წნელისის საგუშაგო №2»-ს უწოდებს და თვლის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე წნელისის კრიზისის ნაწილად ან გაგრძელებად იქცევა. ჯერ-ჯერობით ერთადერთი ცხადი ამ მოვლენებში ისაა, რომ გაფრინდაშვილის დაკავება კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ზრდას უწყობს ხელს” - ასკვნის ამასთან დაკავშირებით მურატ გუკემუხოვი.

როგორც "ეხო კავკაზასთან" საუბრისას გაფრინდაშვილის ადვოკატმა ივარაუდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სასამართლო პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიომში გამოიყენება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"