სუსტი შოუ თავის დასაძვრებად: "ოსური უშიშროება" გაფრინდაშვილის „სატელეფონო ჩანაწერების“ სტენოგრამებსა და პერსონალურ მონაცემებს აქვეყნებს

ოსური უშიშროება ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ “ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორებისა და ოფიციალური თბილისის მცდელობები, ვაჟა გაფრინდაშვილის გამოყენებით პოლიტიკური ქულები მიიწერონ და საკუთარი შიდა რეიტინგის ასამაღლებლად რესპუბლიკის ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ, უპერსპექტივოა“.   

ამასთან, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი, მისი მტკიცებით, გაფრინდაშვილის ბოლო პერიოდის გადაადგილებისა და პირადი საუბრების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს:

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელთ არსებული ობიექტური კონტროლის მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა გამიზნულ და კარგად დაგეგმილ ხასიათს ატარებდა. ასე, ნოემბრის დასაწყისში გაფრინდაშვილი იმყოფებოდა მივლინებაში, რომლის ფარგლებშიც ჩასული იყო ბალტიისპირეთში, მათ შორის -  ესტონეთში.  4 ნოემბერს გაფრინდაშვილი დაბრუნდა თბილისში, სადაც 5–დან 8 ნოემბრის ჩათვლით იღებდა პაციენტებს კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“. 6 ნოემბერს გაფრინდაშვილის ანგარიშზე „საქართველოს ბანკში“ პრემიალურ პაკეტ „სოლოს“ ფარგლებში გადაირიცხა 21 000 ლარი. 8 ნოემბერს კლიენტებთან რამდენიმე საუბრის ფარგლებში გაფრინდაშვილმა მათ აცნობა, რომ შაბათ–კვირას თბილისში არ იქნებოდა და პაციენტების მიღებას მხოლოდ ორშაბათს, 11 ნოემბერს განაახლებდა“, – ნათქვამია დე ფაქტო კომიტეტის განცხადებაში.

ოსურ უშიშროებას "გაფრინდაშვილის 8 ნოემბრის საუბრების" სტენოგრამაც მოჰყავს. 

მისივე ცნობით, 9 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 10:00სთ–ზე გაფრინდაშვილი თბილისში, რესტორან „ვენდის“ მიდამოებში მის კოლეგა ირაკლი კარტოზიას შეხვდა, რომელთან ერთადაც მოგვიანებით ტაქსით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს მიმართულებით დაიძრა. ხოლო 11:00–დან 11:40–მდე პერიოდში მან დე ფაქტო საზღვარი ახალგორის რაიონის სოფელ მონასტრის მიმართულებით გადაკვეთა, რის შესახებაც 11:40–ზე სპეციალურად აცნობა კარტოზიას მორიგი სატელეფონო საუბრისას.

დე ფაქტო უშიშროებას, მისი მტკიცებით, კარტოზიას სატელეფონო ნომერიც მოჰყავს და საუბრის სტენოგრამაც:

„ვაჟა გაფრინდაშვილი": უკვე სოფელში ვარ.

"ირაკლი კარტოზია": სიმშვიდეა?

– კი, ჯერ–ჯერობით ყურადღებას არავინ მაქცევს, ახლა ცენტრში კაფეს ვიპოვი და ყავას დავლევ.

– კარგი. კავშირზე ვარ“.

ამ საუბრის დასრულებისთანავე, დე ფაქტო უშიშროების მტკიცებით, გაფრინდაშვილს აკავებენ.

„დაკითხვისას გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ საზღვარი გამიზნულად, სოფელ მონასტერში არსებულ ეკლესიაში სალოცავად გადაკვეთა, თუმცა საკუთარი რელიგიური მრწამსის შესახებ გარკვევით ჩვენება ვერ მოგვცა. ამასთან, მან უარი განაცხადა, ეპასუხა კითხვისთვის საკუთარი პარტიული კუთვნილების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო–ში უსწრაფესი გაწევრიანების მომხრეა, მის მიერ საზღვრის დარღვევას განიხილავს „თავისუფალ გადაადგილებაზე საქართველოს მოქალაქის უფლების კანონიერ რეალიზებად“, სამხრეთ ოსეთს თვლის „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიად“, ხოლო რუსეთს - "ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად“. ამასთან, გაფრინდაშვილის თქმით, იგი, როგორც საქართველოს მოქალაქე, უფლებას იტოვებს, აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტების შეცვლა. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და ქართულ თუ უცხოურ მედიაში გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული ისტერიის გათვალისწინებით, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ამ პროვოკაციას საქართველოში მიმდინარე მასობრივ აქციებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორებისა და ოფიციალური თბილისის მცდელობები, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილის გამოყენებით პოლიტიკური ქულები მიიწერონ და საკუთარი შიდა რეიტინგის ასამაღლებლად რესპუბლიკის ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ, უპერსპექტივოა“.

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე  დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებას „შოუდ“ აფასებს, რომელსაც ორი მიზანი აქვს: «სიტუაციიდან თავის დაძვრენა და იმ ილუზიის შექმნა, თითქოს ბუნებაში არსებობს „ოსური უშიშროება“, რომელიც რეალურად მუშაობს, მათ შორის - საქართველოს ცნეტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც». ამ დასკვნის საფუძველს მას განცხადების შინაარსი და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება აძლევს.  


„საბანკო მონაცემებისა და ჩარიცხვა-გადარიცხვების ნახვა  მარტივადაა შესაძლებელი თუნდაც მობილური ტელეფონის დათვალიერებით: ალბათ, გაფრინდაშვილიც იღებს SMS-შეტყობინებებს; ალბათ, გაახსნევინებდნენ ონლაინ-ბანების აპლიკაციასაც და ა.შ. ასევე მარტივად ნახავდნენ გაშვებულ და შემოსულ ზარებს, სახელებს და ა.შ. რაც შეეხება საუბრების სტენოგრამას, ვფიქრობ, ეს უფო ფანტაზიის ნაყოფია: ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოსური სპეცსამსახური საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოპერატიულად აკონტროლებდა ადამიანს, წინასწარ ჰქონდა ცნობები „მოსალოდნელი პროვოკაციის“ შესახებ და ა.შ. ამ კონტექსტში იქ ნახსენებია „ირაკლი რეზიდენტი“ - აქედანაც ჩანს, რომ ტელეფონია დათვალიერებული. არ ვიცი, სიტყვა „რეზიდენტთან“ დაკავშირებით რა იფიქრეს, მაგრამ მოგეხსენებათ, რეზიდენტი სამედიცინო განათლების ერთ-ერთ საფეხურზე მყოფ ადამიანს გულისხმობს, მათ კი შესაძლოა, თქვან, დაზვერვის რეზიდენტს დაურეკაო.... ალბათ, იქ დაზვერვის ყველა თანამშრომელს ასე უწერია ტელეფონში - „რეზიდენტი“, „ჩემი აგენტი“ და ა.შ... ჯამში, ეს არის ოსური „კაგებეს» შოუ, კლასიკური სქემით შეთითხნილი საქმე“- განუცხადა «აქცენტს» გობრონიძემ.

არც ის მიკვირს, რომ გაფრინდაშვილმა არ გასცა პაციენტი, რადგან შესაძლოა, შემდეგ ამ ადამიანს შეჰქმნოდა პრობლემები.

იგი განცხადებაში გაფრინდაშვილის პარტიული კუთვნილების საკითხზე აქცენტირებაზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ასეთი ნარატივია: „სააკაშვილი, რომელიც ჩვენ თავს დაგვესხა, დღემდე გვიწყობს პროვოკაციებსო“. ხომ გესმით? არანაირი გამართლება არ აქვს ექიმის დაკავებას და ეს მათაც ესმით. ალბათ, ფიქრობენ,  „იმას მაინც გამოვრჩეთ, ეს ყველაფერი «შევტენოთ» „ნაციონალურ მორაობასო“. სუსტი მცდელობებია სიტუაციიდან გამოძრომის. რა თქმა უნდა, არ ვთვლი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფში აპრიორი ანგელოზები ან სატანები არიან, მაგრამ მთლიანობაში, ამ მოსაზრების გაზიარება წარმოუდგენელია. მეტი საქმე აღარ დარჩა ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო წელს, რომ ცხინვალში აწყობდეს პროვოკაციებს! სრული ანომალიაა“.

მისი შეფასებით, «ოსური მხარე ცდილობს, მოახდინოს პოზიციონირება, როგორც სახელმწიფომ, შექმნას ილუზია საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს და საკუთარი საზოგადოების თვალში, თითქოს „ოსური უშიშროება“ მართლაც არსებობს და მეტიც, რაღაცას აკეთებს“.

„რეალურად, ყველამ კარგად ვიცით, რომ ოსური ე.წ. უშიშროება ბუნებაში არ არსებობს, ეს არის რუსული „ეფესბეს“ ადგილობრივი განყოფილების ჩვეულებრივი დანამატი. რომელ «ოსური უშიშროების ოპერატიულ შესაძლებლობებზე» ვსაუბრობთ და რისი შესაძლებლობა აქვს წარმონაქმნს, რომელიც ბიუჯეტის 96%-ს რუსეთისგან იღებს და ყველა წამყვან პოზიციაზე რუსეთის მოქალაქე ჰყავს?! განსაკუთრებით 2015-2016 წლებში რუსეთთან დადებული ხელშეკრლებების შემდეგ ჩვენ, რეალურად, საქმე გვაქვს არა ოკუპირებულ, არამედ ანექსირებულ ტერიტორიებთან. თეორიულადაც რომ ვიმსჯელოთ, სახელმწიფოებრიობის ელემენტარული ნიშნებიც კი წაართვა ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებს. ამდენად, სახეზე გვაქვს ორი რუსული ფედერალური სუბიექტი. ამ ფონზე აგრძელებენ სახელმწიფოებრიობანას თამაშს და იმ ოლუზიის შექმნის მცდელობებს, თითქოს რაღაც ოპერატიული ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ და ამის საფუძველზე ახორციელებდნენ მოსმენა-თვალთვალს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე“.

მისი დაკვირვებით, ოსური მხარე ქართულის დაშანტაჟებას ცდილობს და აჩვენებს სამშვიდობო პროცესების მიმართ დამოკიდებულებას:   

„რაღაც ხომ უნდა უპასუხონ იმას, რომ არანაირი გამართლება არ აქვს, დააკავო ექიმი, რომელიც დაცულია ყველა საერთაშორისო კონვენციით, მართლაც საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაადგლდება და ეს თავადაც კარგად იციან! გასაგებია, რომ ეს არის შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ. და მეორე: ხომ ამბობენ, რომ ჩვენთან კონსტრუქციული ურთიერთობა უნდათ? - კარგი, თუნდაც დაარქვი „საზღვრის დამრღვევი“, მაგრამ როდესაც აკავებ, პატიმრობას უსაზღვრავ და ქმნი პრობლემას, აგრძნობინებ ქართველებს, რომ ისინი შენთვის არაფერია, ეს მიუთითებს სამშვიდობო პროცესის მიმართ არაცივილიზებულ დამოკიდებულებაზე. უკაცრავად, მაგრამ საქართველოს მოქალაქისგან რა პასუხს ელოდნენ?! აქ ელემენტარული საკითხიცაა: როდესაც ჩვენ სამედიცინო მომსახურეობას ვუწევთ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გადმოსულ მოქალაქეებს, ხომ არ ვთხოვთ, უარყონ მათი „სახელმწიფოს“ არსებობა?! არც ე.წ. პასპორტის შეცვლას ვთხოვთ, უპიროპოდ ვმკურნალობთ ადამიანებს,  ისინი კი საქართველოს მოქალაქისგან  ითხოვენ, უარყოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, უარი თქვას საკუთარ პრინციპებსა და ადამიანობაზე. ეს მიდგომებში სხვაობას თვალნათლივ აჩვენებს“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მინსკში რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები იმართება