დავა გარეჯისთვის: ზალკალიანის მოადგილე ბაქოში გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ან თუნდაც სადავო მონაკვეთზე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება საქართველოს თანხმობის გარეშე. ამის შესახებ დარსალიამ პირველ არხს სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების კომენტირებისას განუცხადა. აღნიშნული კადრების მიხედვით, დავით–გარეჯთან მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და სამხედროებს გზა გაჰყავთ.   


როგორც დარსალია ამბობს, აღნიშნული ცნობების თაობაზე ქართულმა მხარემ ინფორმაცია მოითხოვა. 

„ახლა პირველ რიგში მიმდინარეობს პოზიციების განახლება, პოზიციების დაზუსტება მხარეების მიერ და საკუთარი არგუმენტების წარდგენა [საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით]. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ თითქოს რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს აზერბაიჯანის კონტროლირებად მხარეს და მოვითხოვეთ სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რასთან არის დაკავშირებული. ეს არ არის მთავარი მიმართულება. მთავარი მიმართულებაა, რომ ვმსჯელობთ შეუთანხმებელ მონაკვეთებზე. ერთი რაღაც, რაც ცალსახად შემიძლია, ვთქვა, ჩვენ ამოვდივართ ჩვენი ინტერესებიდან და არანაირი სამუშაოები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ან თუნდაც, სადავო ტერიტორიებზე საქართველოს თანხმობის გარეშე ცალსახად ვერ განხორციელდება. ვნახოთ, დაველოდებით, რა დეტალები იქნება მოწოდებული და იმის მიხედვით დავსახავთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებებს“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

მისივე თქმით, ქართული მხარე ამოდის ქვეყნის ინტერესებიდან, რაც მათ შორის გულისხმობს იმას, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლონ შეთანხმება და ერთიანი პოზიციის შეჯერება:

"შეხვედრა გაგრძელდება ხვალაც და დღის ბოლომდე დასრულდება. მოგეხსენებათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში კომისიების შეხვედრა არ გამართულა. ახლახანს მოხდა კომისიების განახლება. წინა კვირას გაიმართა უშუალოდ ჩემი შეხვედრა აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელთან, რომელზეც შეთანხმდა კომისიის მუშაობის დეტალები და გრაფიკი. 1996 წლიდან მიმდინარეობს ეს მუშაობა, ორი მესამედი არის შეთანხმებული, შესათანხმებელია მთელი საზღვრის პერიმეტრის ერთი მესამედი. მათ შორის არის დავით გარეჯის მიმდებარედ სასაზღვრო ზოლი, ასევე სხვა სასაზღვრო ზოლები, რომლებზეც არ არის კომისია ჩამოყალიბებული“.

ცნობისთვის: დღეს ბაქოში საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მსჯელობენ. 

შეგახსენებთ, რომ სსრკ-ის დაშლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღემდე ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილია განსაზღვრული. პროცესი ძირითადად მე–6 საუკუნის ქართული კულტურული ძეგლის  – დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი მონაკვეთის გამო შეფერხდა: კელიების ნაწილი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

დავით-გარეჯის თემა მორიგი მღელვარების საგნად 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. გზა 27 აპრილს გაიხსნა. იმავე დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ ბაქო აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე ყოველთვის იყო და მზადაა, პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდეს.

„აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტია განლაგებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პროცედურების საფუძველზე  წყდება. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო და მზად არის, უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი“, - განაცხადა აბდულაევამ.

1 მაისს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დროულად დადგენის აუცილებლობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა.

„[...] ის, რაც მოხდა დავით–გარეჯში, ჯერ ერთი, ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. [...] მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში, ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია, გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს? ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხი არის და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით​. არ შევალ დეტალებში, შეიძლება ვერ გაიგონ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლოს საზღვარი, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი 1938 წლის რუკებით, რომლის მერეც არ ყოფილა ახალი რუკა. სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტა. მერე შეიძლება ამაზე მოლაპარაკება. საბოლოო არასოდეს არ არის ისეთი მკაცრი პოზიცია, მაგრამ ეს არის ჩვენი საწყისი პოზიცია და ეს ცნობილი არის ჩვენი მეგობრებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამას დღეს, 2 მაისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი კომენტარი მოჰყვა.  

„ერთ–ერთი დოკუმენტი, რომელზეც აპელირებენ, 1938 წლის სქემატური ხასიათის რუქაა მასშტაბით 1:500 000. ეს რუქა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა მიიღეს. 1942 წელს სსრკ–მა მიიღო გადაწყვეტილება უფრო მკაფიო რუქის შესახებ მასშტაბით 1 : 100 000. გარდა ამისა, არსებობს რუქა, რომელიც 1963 წელს საბჭოთა საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. სამუშაო ჯგუფის დონეზე დელიმიტაციის საკითხის განხილვისას ამ რუქას ეყრდნობიან და დღემდე ამ მხრივ პრობლემები არ შექმნილა“, – განაცხადა დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ლეილა აბდულაევამ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის უსწრაფესი დელიმიტაციის მომხრეა, იმედოვნებს, რომ ეს პროცესი უახლოეს ხანებში დასრულდება და თავისი მხრიდან ამისთვის  მზადაა“. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp