ოსური მედია: მედოევი ევროპარლამენტარებს შეხვდა

ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში უფლებადამცველსა და ევროდეპუტატს, ევროპის თავისუფალი ალიანსისა და მწვანეთა ფრაქციის წევრს ტატიანა ჟდანოკას შეხვდა. 

„დიმიტრი მედოევმა ტატიანა ჟდანოკას მადლობა გადაუხადა შეხვედრისა და ევროპარლამენტის მონახულების შესაძლებლობის გამო და აღნიშნა, რომ ჟდანოკას პოლიტიკური მოღვაწეობა როგორც ლატვიაში, ისე მთლიანად ევროპაში დიდ პატივისცემას იწვევს სამხრეთ ოსეთში, სადაც კარგად ახსოვთ 2008 წელს, მძიმე ომის შემდგომ პერიოდში მის მიერ ცხინვალში ჯულიეტო კიეზასთან ერთად ჩასვლა და ევროპარლამენტის ორი მოქმედი დეპუტატის გვერდში დგომა“, – განუცხადა მედოევმა ჟდანოკს. 

ოსური მედიის ინფორმაციით, მედოევის ვიზიტის მთავარი მიზანი ევროპარლამენტისთვის ოსური დე ფაქტო პარლამენტის მიმართვის გადაცემა იყო, რომელიც „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო ჯარის მიერ 1920 წელს ოსი ხალხის გენოციდის 100 წლისთავს“ ეხება.

თავის მხრივ, ჟდანოკამ განაცხადა, რომ „თავის დროზე კოლეგებთან ერთად კატეგორიულად დაგმო სამხრეთ ოსეთზე ჯერ გამსახურდიას ჯარების, შემდეგ შევარდნაძის თაოსნობით საქართველოს სახლემწიფო საბჭოს და 2008 წელს სააკაშვილის ჯარის თავდასხმა“ და რომ „სადღეისოდ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სწორედ ასეთად აღიქვამს მას ევროპის ყველა ჯანსაღი ძალა“

ჟდანოკა დაჰპირდა მედოევს, რომ ოსური დე ფაქტო პარლამენტის მიმართვა „ევროპარლამენტში ყურადღებით იქნება განხილული“.

ცნობისთვის: ოსურმა ე.წ. პარლამენტმა „საქართველოს მხრიდან ოსი ხალხის გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართვა“ ჯერ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას გაუგზავნა. 

იხილეთ ასევე: მედოევი ევროპაში შეხვედრებს მართავს

მედოევი ევროპაში ტურნეს განაგრძობს: მილანში მეგობრობის ასოციაცია „იტალია–სამხრეთ ოსეთი–ალანია“ დაფუძნდა


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 9 დეკემბერს