ოსური მხარე გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის მისჯის მიზეზების შესახებ ახალ ვერსიას აჟღერებს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლება ქართველ ექიმ ვაჟა  გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის მისჯის მიზეზების  შესახებ ახალ ვერსიას აჟღერებს: დე ფაქტო საზღვრის მიდამოებში დაკავებული ქართველისთვის 2–თვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯის მიზეზად ამჯერად სასამართლო პროცესზე მისი ქცევა და ამით გამოწვეული ის გარემოება სახელდება, რომ „მოსამართლემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი“.

ეს ვერსია მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საბჭოში ვიზიტის დროს ოსმა დე ფაქტო დეპუტატმა ალექსანდრე ფილიევმა გააჟღერა. 


მისივე მტკიცებით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ რეგიონში „პირადი მიზნებით გადადიოდა და ამ დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და აგრესიულად იქცეოდა“.

„იგი გადმოდიოდა არა როგორც ექიმი, არამედ პირადი მიზნებით. საზღვარი არაფხიზელ მდგომარეობაში გადმოკვეთა. იქცეოდა აგრესიულად, არ აღიარებდა ჩვენს ხელისუფლებას, სასამართლო პროცესზე კი ღია ტექსტით განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მოქმედი ხელისუფლება არალეგიტიმურია. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ არც დაკავების მომენტში და არც შემდეგ მისთვის თითი არავის დაუკარებია, ის კი სასამართლო პროცესზე ისე მოიქცა, რომ მოსამართლემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ჯარიმის ნაცვლად 2–თვიანი პატიმრობა შეუფარდა. რა ბედი ეწევა გაფრინდაშვილს – ვნახოთ, გავერკვევით“, – განაცხადა ფილიევმა.

ცნობისთვის: გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა უკვე 2 განცხადება გაავრცელა, რომელთა შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. პირველ განცხადებაში აქცენტი იმაზე კეთდებოდა, რომ „გაფრინდაშვილის 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ექიმის რანგში“, რაც მოგვიანებით ქართველი ექიმის ოჯახმაც, კოლეგებმაც და სუს–მაც უარყვეს. მეორე განცხადებაში კი აქცენტი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, კერძოდ წინასაარჩევნო გამწვავებაზე კეთდებოდა და გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ გაფრინდაშვილი „ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პოლიტიკური ქულების მისაწერად გამოიყენეს“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 9 დეკემბერს