საია: "გენერალურმა პროკურატურამ მაკო გომურს სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად არ გააცნო"

გენერალურმა პროკურატურამ მაკო გომურს სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად არ გააცნო, - ინფორმაციას ამის შესახებ საია ავრცელებს.

როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ მაკო გომური და საია-ს ადვოკატები საქმის მასალების სრულად გაცნობას მოითხოვდნენ, პროკურატურამ მათ წვდომა მრავალტომიანი საქმის მხოლოდ 2 ტომზე მისცა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, გასაცნობად გადმოცემულ მასალებში იყო მხოლოდ მაკო გომურის და მისი ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმები, აქციის სამი მონაწილის გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნები და გარკვეული ვიდეომასალები. საია-ში აცხადებენ, რომ პროკურატურის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, სწორედ ამ ორ ტომში არსებული მასალები იყო შემხებლობაში მაკო გომურის მიერ მიღებულ დაზიანებასთან.

„გასაცნობად გადმოცემულ დოკუმენტაციაში არ იყო ერთი სამართალდამცავის ჩვენებაც კი. საქმის მასალებში ასევე, არ იყო რაიმე სახის ინფორმაცია აქციის დაშლის დაგეგმვასთან, პასუხისმგებელ პირთა ან/და მონაწილე დანაყოფებისა და მათი თანამშრომლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა და შემხებლობა გააჩნია პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციში“ ამბობენ, რომ გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან გამოკითხულნი შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისი მეთაურები და საპოლიციო ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირები და არ მომხდარა ზემოთმითითებული მტკიცებულებების მოპოვება სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარების მიზნით, ან მსგავსი სახის მტკიცებულებები მოპოვებულ იქნა, თუმცა, დაზარალებულ მხარეს არ მიეცა ამ დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება.

„მიგვაჩნია, რომ დაზარალებულ მხარეს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის სრული მასალების გაცნობის უფლება. სრულ მასალებზე წვდომის შეზღუდვა დაზარალებულს ართმევს შესაძლებლობას, შეამოწმოს და განსაზღვროს, კონკრეტული დოკუმენტი არის თუ არა მის საქმესთან შემხებლობაში და მისი საქმისთვის მნიშვნელოვანი, რაც თავის მხრივ, მისი საპროცესო კოდექსით გარანტირებულ უფლებას ლახავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეტენზია საიას იურისტებმა გამომძიებელთანაც დააფიქსირეს, მათ მაინც არ მიეცათ სრული მასალების შესწავლის საშუალება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მისცეს მაკო გომურს და მის ადვოკატებს საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად და ამასთანავე განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაატაროს სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიება, იმის გათვალისწინებით, რომ მაკო გომურისთვის მიყენებული დაზიანებიდან უკვე 5 თვეზე მეტი გავიდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს