ზოიძე "ქართულ ოცნებას" პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ინიციატივით მიმართავს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს.

„გადავწყვიტე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსთვის, ზომები მიიღონ უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ჩატარებაზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით”,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შეთავაზება არ იქნება მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დატოვებს.

ცნობისთვის: მას შემდეგ რაც მმართველმა გუნდმა დანაპირები არ სეასრულა და პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ქვეყანაში აქციები იმართება.  

განახლება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აკაკი ზოიძის ინიციატივაზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.

„საბოლოო პასუხს გადაჭრით ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გაგცემთ და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გუნდში მომდევნო დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ. ამის შემდეგ შევაჯერებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. დღეს რაიმე იმასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მაგვარიც კი, რომ მოდით, ჩავატაროთ პლებისციტი, არ შემიძლია, რომ გითხრათ. ამას სჭირდება გუნდის თანხმობა და საზოგადოებრივი კონსესუსი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბოლოო პასუხს დღეს ვერ გაგცემთ. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაემატა კიდევ ერთი საკითხი, გეთანხმებით, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება, ბუნებრივია, მაგრამ არსებობს ტექნიკური პრობლემები, არსებობს დროის საკითხიც ასევე განხილვას და დეტალიზაციას საჭიროებს. ამიტომ უკაცრავად, მედიასთან და საზოგადოებასთან, დღეს, აკაკი ზოიძის განცხადებიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ საბოლოო პასუხს ვერ გავახმოვანებთ, მაგრამ ვიმსჯელებთ. მიდგომა-მოდით ვკითხოთ ხალხს, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი ჩვენ აზრთან“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო