ფოთში საზღვაო აკადემიის მშენებლობა იწყება

ფოთში საზღვაო აკადემიის მშენებლობა იწყება. ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

პროექტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უკვე გადაეცა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება“, – აღნიშნულ ინფორმაციას, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ბიურო ავრცელებს.

„საქართველოში საზღვაო განათლებას საფუძველი ფოთში ჩაეყარა და დღეს, მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქალაქში საზღვაო სწავლების ტრადიცია ბრუნდება. ახალი სასწავლებლის დაფუძნება ფოთს განვითარების ახალ შესაძლებლობას მისცემს. ახალგაზრდები ხარისხიან განათლებას საკუთარ ქალაქშივე მიიღებენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან“, – აცხადებს ირაკლი ხახუბია.

პროექტის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტებისთვის თანამედროვე საცხოვრებელი უნდა მოეწყოს.

საზღვაო აკადემიის სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს და იგი 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ისტორიული შენობის აღდგენის სამუშაოების ღირებულება 5 876 124 ლარით განისაზღვრა. პროექტის თანახმად, ფოთში, ახალი სასწავლებელი, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი უნდა 2021 წელს უნდა ამოქმედდეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო