მიხეილ სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა [ვიდეო]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს უკრაინაში შეხვდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, დღეს უკრაინაში შეხვდა ძველ თანამებრძოლებსა და ოპონენტებს.

„გიორგობის დღეს შევხვდით ჩვენ ძველ თანამებრძოლებთან და ასევე ოპონენტებთან ერთად. ის ხალხი, ვინც ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე, დიდი დღესასწაული და ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი რამ, ჩვენ გვიყვარს საქართველო. ნახეთ, რა მაგარი ახალგაზრდობა წამოვიდა. ჩვენი ამოცანა არის ახალგაზრდებს, ახალ თაობას გავუხსნათ გზა საქართველოს გადარჩენისა და მართვისკენ. მადლობა გუბაზს და ვალერის, ჩვენ ბიჭებს, რომ ჩამოვიდნენ კიევში და ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა. ასაკთან ერთად, დროსთან ერთად, გამოცდილებასთან ერთად, ძალიან ბევრ რაღაცას გადახედავს ადამიანი და ძალიან ბევრი რაღაც ჩანს სხვანაირად დროის გადმოსახედიდან. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და გამარჯვებას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ვერაფერი დაუდგება წინ. ვართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, უკრაინიდან მიულოცა ქართველ ხალხს გიორგობა გუბაზ სანიკიძემ და ერთიანობისკენ მოუწოდა.

„ქართველებო, გილოცავთ გიორგობას. მრავალს დაესწარით, წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას, უკრაინას, ჩვენს მოძმე ქვეყანას. კიევის წმინდა მიწაზე ვართ ჩვენ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ტყუპისცალები ვართ გაჭირვებაში ჩვენ და უკრაინელები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთად ვიქნებით. მოგილოცავთ ყველას და მოგიწოდებთ, ვიყოთ საბრძოლო განწყობაზე. საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს. გაიხარეთ, იბედნიერეთ. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, გარკვეულწილად ჩვენ თავსაც გადავახტით და მოვერიეთ ჩვენს შინაგან მეს, ჩვენს ეგოიზმს. მიგვაჩნია, რომ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დარაზმვა არის გამოსავალი. ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხებთ ამას, რადგან  უნდა ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი წინაპრების“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ლიბერთი ბანკი" გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანდა