სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგორელების პრეტენზიებს პასუხობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგორელების პრეტენზიებს პასუხობს და აცხადებს, რომ დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის დღიდან ყველა შეხვედრაზე აყენებს საკითხს მიმოსვლის უპირობოდ აღდგენისთვის. 

„ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვა არის უმძიმესი ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამომწვევი პირველ რიგში ახალგორისა და მთლიანად ცხინვალის რეგიონისათვის. ეს არა მხოლოდ სამართლებრივად უკანონოა, არამედ ადამიანის უფლებებს უხეშად ლახავს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი შექმნილ მდგომარეობას აფასებს კრიზისულად და დაკეტვის დღიდან  აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციასა და შეხვედრაზე, სხვადასხვა პროაქტიული ფორმით, ყველა დონეზე აყენებს საკითხს ერთადერთი მიზნით - მიმოსვლის უპირობოდ აღდგენისათვის“, – განუცხადეს „აქცენტს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ამასთან, უწყებაში მიიჩნევენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დახურული ე.წ. საზღვრისა და წნელისის საგუშაგოს საკითხები ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს:

„გადასასვლელების თემა არის წმინდად ჰუმანიტარული საკითხი და მისი ჩაბმა სხვა წინაპირობებთან მოსახლეობას მძევლის მდგომარეობაში აყენებს, რაც აბსოლუტურად გაუმართლებელია“.  

ცნობისთვის: სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი მწუხარებით აღნიშნავს, რომ წნელისის მიდამოებში ქართული საპოლიციო საგუშაგოს გახსნის შემდეგ ოსური მხარის მიერ დე ფაქტო საზღვარზე გადასასვლელების ჩაკეტვის გამო უკვე ორ თვეზე მეტია, ფაქტობრივ ტყვეობაში მყოფი ახალგორელების ბედი "არც ცხინვალს ახსოვს, არც თბილისს": 

„რა აუცილებლობით იყო გამოწვეული, ან რა გარანტიებით გაბედა ქართულმა მხარემ წნელისში პოსტის დადგმა, საინტერესოა? ოსურმა მხარემ რომ თვალი დახუჭა, ვიდრე მუშაობდა იქ ქართული მხარე, - ფაქტია. და ამის გამო ჩვენი რაიონის ასობით მცხოვრები მძევლებად იქცა. ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაშია აქ ხალხი. არავინ ჩვენი მომკითხავი არაა - არც ოსური, არც ქართული ხელისუფლება“ - წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 9 დეკემბერს