ევროპარლამენტი მედოევის ვიზიტს ეხმიანება

ევროპარლამენტი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევის ვიზიტის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ დე ფაქტო ლიდერებთან ცალკეულ ევროდეპუტატთა შეხვედრები ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს.

„ევროპარლამენტის წევრებს უფლება აქვთ შეხვდრები გამართონ მათთან, ვისთანაც ეს სურთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავენ. ევროპარალამენტში სხვადსხვა საკითხებზე სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ“, – განუცხადეს „აქცენტს“ ევროპარლამენტის პრეს–სამსახურში

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, „ერთი და ორი პრორუსულად განწყობილი დეპუტატის კავშირები საოკუპაციო რეჟიმებთან, არანაირ კავშირში არაა ევროკავშირის პოზიციასთან“. 

„2019 წლის 21 ნოემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ლატვიელი ევროპარლამენტარის ტატიანა ჟდანოკას ხელშეწყობით ეწვია ევროპარლამენტს. მისი განცხადებით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. პარლამენტის თავმჯდომარის ევროპარლამენტისადმი მიმართვის გადაცემა, რომელიც ეხება 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის მიერ ე. წ. ოსთა გენოციდის მოწყობის 100 წლისთავს. ჟდანოკას განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. პარლამენტის წინადადებები ყურადღებით იქნება შესწავლილი.

 •   ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.

•      ევროკავშირსა არაერთი რეზოლუცია და განცხადება აქვს მიღებული, რომლებშიც საუბრობს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე.

•      ცხადია, ერთი და ორი პრორუსულად განწყობილი დეპუტატის კავშირები საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც სრულად ეხმიანება მოსკოვის ინტერესსა და უშედეგო მცდელობას, მოახდინოს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაცია, არანაირ კავშირში არაა ევროკავშირის პოზიციასთან - როგორც არ უნდა შეეცადონ ამის წარმოჩენას პროპაგანდისტული მანქანებით.

•      მსგავსი ქმედებები წარმოადგენს გარკვეული საბჭოთა წარსულის მქონე დეპუტატების კერძო ინიციატივებს, რომელთა საშუალებითაც რუსეთი ახორციელებს თავისი პროპაგანდისტული პოლიტიკის გატარებას. აღნიშნულის შესახებ თავად ევროკავშირის დეპუტატებიც საუბრობენ“, - განუცხადეს "აქცენტს" საგარეო უწყებაში. 

ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში უფლებადამცველსა და ევროდეპუტატს, ევროპის თავისუფალი ალიანსისა და მწვანეთა ფრაქციის წევრს ტატიანა ჟდანოკას შეხვდა. 

ტატიანა ჟდანიკა არის ლატვიელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის წევრი (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი).  ამასთან, იგი "ლატვია– რუსეთის კავშირის" თანათავმჯდომარეა. 

„დიმიტრი მედოევმა ტატიანა ჟდანოკას მადლობა გადაუხადა შეხვედრისა და ევროპარლამენტის მონახულების შესაძლებლობის გამო და აღნიშნა, რომ ჟდანოკას პოლიტიკური მოღვაწეობა როგორც ლატვიაში, ისე მთლიანად ევროპაში დიდ პატივისცემას იწვევს სამხრეთ ოსეთში, სადაც კარგად ახსოვთ 2008 წელს, მძიმე ომის შემდგომ პერიოდში მის მიერ ცხინვალში ჯულიეტო კიეზასთან ერთად ჩასვლა და ევროპარლამენტის ორი მოქმედი დეპუტატის გვერდში დგომა“, – განუცხადა მედოევმა ჟდანოკას. 

ოსური მედიის ინფორმაციით, მედოევის ვიზიტის მთავარი მიზანი ევროპარლამენტისთვის ოსური დე ფაქტო პარლამენტის მიმართვის გადაცემა იყო, რომელიც „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო ჯარის მიერ 1920 წელს ოსი ხალხის გენოციდის 100 წლისთავს“ ეხება.

თავის მხრივ, ჟდანოკამ განაცხადა, რომ „თავის დროზე კოლეგებთან ერთად კატეგორიულად დაგმო სამხრეთ ოსეთზე ჯერ გამსახურდიას ჯარების, შემდეგ შევარდნაძის თაოსნობით საქართველოს სახლემწიფო საბჭოს და 2008 წელს სააკაშვილის ჯარის თავდასხმა“ და რომ „სადღეისოდ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სწორედ ასეთად აღიქვამს მას ევროპის ყველა ჯანსაღი ძალა“.

ჟდანოკა დაჰპირდა მედოევს, რომ ოსური დე ფაქტო პარლამენტის მიმართვა „ევროპარლამენტში ყურადღებით იქნება განხილული“.

ცნობისთვის: ოსურმა ე.წ. პარლამენტმა „საქართველოს მხრიდან ოსი ხალხის გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართვა“ ჯერ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას გაუგზავნა. 

იხილეთ ასევე: მედოევი ევროპაში შეხვედრებს მართავს

მედოევი ევროპაში ტურნეს განაგრძობს: მილანში მეგობრობის ასოციაცია „იტალია–სამხრეთ ოსეთი–ალანია“ დაფუძნდა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მართლმსაჯულება პოლიციის ალყაში