ოკუპირებულ ახალგორში „შავი სია“ გამოაკრეს

ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო საბჭოს შენობაში 36 ადგილობრივის „შავი სია“ გამოაკრეს.  დე ფაქტო უშიშროებამ სიის ფიგურანტებს ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად აუცილებელი საშვების გაცემაზე და, შესაბამისად, გადაადგილების თავისუფლებაზე უარი განუცხადა.    

დე ფაქტო უშიშროების წარმომადგენლები  ცხინვალიდან ახალგორში ყოველ ოთხშაბათს ჩადიან, რათა მსურველთაგან საშვების მისაღებად აუცილებელი საბუთები ჩაიბარონ და ცხინვალში წაიღონ. მოგვიანებით მათვე ჩააქვთ საშვები მათთვის, ვისაც "ღირსად ჩათვლიან" და „შავი სიებიც“. უკვე არსებული 36–კაციანი სია, როგორც აღინიშნა, საბოლოო არ არის და განაცხადების განხილვის პარალელურად გაიზრდება.

როგორც ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, „შავი სიის“ ფიგურანტების ასაკი 3–და 75 წლამდე მერყევობს. ამასთან, ხშირ შემთხვევაში მშობლებზე საშვი გაიცემა, შვილებზე – არა:

"ამ სიაში არანაირი ლოგიკა არ არის. ამასთან, იგი რაიონული ხელისუფლების მიერ ადრე გაცემულ ყველა დაპირებას ეწინააღმდეგება. საუბრები იმის შესახებ, რომ საზღვრის კვეთის თავისუფლება ყველა ადგილობრივზე არ გავრცელდებოდა, მარტში, რაიონის ახალ ხელმძღვანელ ვიტალი მამიტოვის მოსვლის შემდეგ დაიწყო. თავიდან მან განაცხადა, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთდნენ ის დასაქმებულები, რომელთაც რაიმე სახის შეხება ჰქონდათ სახელმწიფო საიდუმლოსთან. შემდეგ დადიოდა ხმები, რომ ეს აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზეც გავრცელდებოდა, რომლებიც საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში ქართული სპეცსამსახურების ანკესზე შეიძლება, წამოეგონ. კიდევ მოგვიანებით მამიტოვი გამოვიდა წინადადებით, აკრძალვა საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ ყველა ადგილობრივზე გავრცელდეს, „რათა რესპუბლიკის ეკონომიკას არ აზიანებდნენ – ფულს აქ გამოიმუშავებენ და ხარჯვით საქართველოში ხარჯავენო“. კიდევ მოგვიანებით რაიონულმა ხელისუფლებამ საერთოდაც, განაცხადა, რომ აკრძალვა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეზე უნდა გავრცელდეს -რაკი მიიღეს მოქალაქეობა, თავისი არჩევანი უკვე გააკეთესო...".

საბოლოო ჯამში, გამოაკრეს სია, რომელიც შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ გვარ–სახელებს უფრო მოგვაგონებს. ყოველ შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, მაგალითად, როცა მშობლებს გასვლის უფლებას აძლევდნენ, ხოლო მათ 3 წლის ქალიშვილს – არა. ამავდროულად, იმ ადგილობრივებს შორის, რომლებზეც საშვები გაიცა, არიან დე ფაქტო ჩინოსნები და მათი ოჯახის წევრებიც, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც ადგილობრივი "ადმინისტრაციის" ლოგიკით, "სახელმწიფო საიდუმლოებასთან შეიძლება, ჰქონდეთ წვდომა". 

ჯერ–ჯერობით „შავი სიების“ თემა  მაინდამაინც აქტუალური არ არის, რადგან დე ფაქტო საზღვარზე გადასასვლელები ისედაც დაკეტილია. წელს ისინი რეკორდული დროით ჩაიკეტა: წლის დასაწყისში, 11 იანვრიდან 15 მარტამდე გადაადგილება გრიპის ვირუსთან დაკავშირებული კარანტინის მოტივით იყო აკრძალული, თუმცა ამის შემდეგაც ყველასთვის არ გახსნილა: კარანტინის დასრულების დროისთვის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის კვეთის ახალი წესი შემოიღო, რომლის თანახმად, "რაზდახანის" (ოსური სახელწოდება) გამშვები პუნქტით ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად შიდა „პასპორტთან“ ერთად, საშვებიც გახდა სავალდებულო.  ბევრი მსურველი აუცილებელ საბუთებს ამ დრომდე იღებს, ანუ იმ ადგილობრივთა რაოდენობა, რომლებმაც გადაადგილების თავისუფლება შეინარჩუნეს, საგრძნობლად შემცირდა. 4 სექტემბრიდან კი ე.წ. წნელისის კრიზისის მოტივით დე ფაქტო საზღვარი საერთოდ ჩაკეტეს. 

როგორც მეარაყიშვილი აღნიშნავს, ხალხი იზოლაციაში ცხოვრებით დაიღალა და აკრძალვებს სულ უფრო ხშირად არღვევს:

„ვაკვირდები, რომ რაიონი თითქოს შეუმჩნევლად თანდათან ცარიელდება. ბევრი არაოფიციალური გზებით გადის. იყო შემთხვევები, როდესაც ასევე არალეგალური გზებით ბრუნდებოდნენ შინ. მესაზღვრეები მათ აკავებენ, თუმცა უკან არ აგდებენ – უბრალოდ აჯარიმებენ. პირველ დაკავებაზე ჯარიმა მინიმალურია – 2000 რუბლი, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ არალეგალური გზებით ხალხის გადაადგილება ხელისუფლებისთვის შესამჩნევი გახდა, რადგან ბოლო დღეებში კარდაკარ ჩამოვლები და სახლებში რეალურად მცხოვრებთა მონიშნვები დაიწყო. აფიქსირებენ, ვინ დარჩა რაიონში და ვინაა გასული“.

თუმცა, როგორც ირკვევა, ჩაკეტილი დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია ოფიციალური გადასასვლელის გვერდის ავლით, მაგრამ "თითქმის ლეგალური" გზითაც  –  ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების თანხმობით. ასეთ „შეთანხმებულ“ დამრღვევებს არავინ ეხება. როგორც თამარი აღნიშნავს, ოკუპირებულ რაიონში გავლენიანი პირების წვეულებებზე დე ფაქტო საზღვრის იქითა მხრიდან გადმოსულ არაერთ ადამიანს შეხვდებით, რომლებიც თავისუფლად იქცევიან და არავის ემალებიან.

"ეს შესაძლებლობა მხოლოდ განსაკუთრებით ღირსეულებს ეხებათ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ საავადმყოფოში ტუბერკულოზისგან 50 წლის ვაჟა ხრიკული გარდაიცვალა. მის დასატირებლად არც საზღვრის იქედან გადმოუშვეს ახლობლები და არც ცხედარი გადასცეს. გარდაცვლილი დაკრძალეს კუბოთი, რომელიც გულიანმა ექიმმა თავისი სახსრებით შეუძინა, წესი კი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ნისიად ააგებინეს – ნათესავები ხარჯის ანაზღაურებას ტელეფონით დაჰპირდნენ... აი, ასეთი საზღვარია: ვიღაცისთვის - ღია, ვიღაცისთვის - დახურული“, – აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით "რადიო თავისუფლების" ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 9 დეკემბერს