"მანქანის გატაცებასთან ერთად, დაკავებულია "ევროპული საქართველოს" ორი წევრიც"

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის ოთარ კახიძის განცხადებით, საპატრულო პოლიციამ პარტიის კუთვნილი მანქანის გატაცებასთან ერთად, მანქანაში მყოფი პარტიის წევრებიც დააკავა. 

"ჩვენთვის უცნობია მიზეზი და მე მინდა, ვურჩიო ხელისუფლებას და პირველ რიგში პოლიციას, რომ კანონი დაიცვას და ნუ ემორჩილება ივანიშვილის მითითებებს. გონს მოეგონ, კანონი დაიცვან და სასწრაფოდ გაათავისუფლონ ჩვენი თანამშრომლები და ასევე გაათავისუფლონ დაკავებული მანქანა თავისი ატრიბუტიკით. ეს არის ჩემი მოწოდება", - განაცხადა კახიძემ "მთავარ არხთან" საუბრისას. 

როგორც "აქცენტს" შსს–ში განუცხადეს "ევროპული საქართველოს" ორი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლის შესაბამისად არიან დაკავებულები.

„არავითარი მანქანის გატაცება არ მომხდარა. ორი პირი არის დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლის შესაბამისად. ეს არის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. ამ დაკავებულებიდან ერთ–ერთი მართავდა ავტომანქანას. შესაბამისად, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანეს საჯარიმო სადგომზე“, – განუცხადეს "აქცენტს" შსს–ში

ცნობისთვის: 25 ნოემბერს 19:00 საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქცია და პიკეტია დაგეგმილი, რომლის ერთ–ერთი ორგანიზატორი, სხვა პარტიებთან და სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, "ევროპული საქართველოც" არის.  

პარტიის ერთ–ერთი წევრის თამარ კაკაბაძის თქმით, მანქანაში, რომელიც საპატრულო პოლიციამ გაიტაცა, აქციისთვის საჭირო ნივთებია მობილიზებული.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს