"საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ აშშ ახლოდან აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს"

Amnesty International-ის წარმომადგენელი დენიელ ბალსონი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ აშშ ახლოდან აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს".

"საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა – გიორგი გახარიამ, საქართველოს საელჩომ შეერთებულ შტატებში და სხვებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები ახლოდან აკვირდებიან თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ვაშინგტონში ყურადღებას მიაქცევენ, როგორ ეპყრობიან უსაფრთხოების სამსახურები დემონსტრანტებს",  - წერს დენიელ ბალსონი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: ძალოვანებმა პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროსგანცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გარდა ამისა, აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას"