პოლიციას პარლამენტთან მისასვლელი ქუჩები გადაკეტილი აქვს, თუმცა აცხადებს, რომ შესაბამისი ბრძანება არ არსებობს

პოლიციას პარლამენტთან მისასვლელი ქუჩები ამ დროისთვის გადაკეტილი აქვს, თუმცა აცხადებს, რომ შესაბამისი ბრძანება არ არსებობს. 

„მაჩვენეთ ბრძანება, რის საფუძველზეც გაქვთ გადაკეტილი აქ ქუჩა“, მიმართა ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შსს–ს წარმომადგენელს. ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ „არაფერი ბრძანება არ არსებობს“ და ტერიტორია დამატებითი განმარტებების გარეშე დატოვა.  

ცნობისთვის: ძალოვანებმა პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გარდა ამისა, აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული. პოლიციელები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც არ არიან აქციის მონაწილეები.

 დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს პარლამენტს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა და 37 ადამიანი დააკავა. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ლიბერთი ბანკი" გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანდა