პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატები იკრიბებიან: „რაც ხდება, არ არის სასიამოვნო, მაგრამ საკანონმდებლო ორგანომ უნდა გააგრძელოს მუშაობა“

პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატები იკრიბებიან. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ დეპუტატები დაჩი ბერაია,  ილია ნაკაშიძე, მერაბ ქვარაია, გია ვოლსკი.

„რაც ხდება, არ  არის სასიამოვნო, მაგრამ საკანონმდებლო ორგანომ უნდა გააგრძელოს მუშაობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პლენარული სხდომა 12:00 სთ–ზეა ჩანიშნული. სხდომას ბოიკოტს უცხადებენ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანონმდებლები.

პარლამენტთან მისასვლელი ყველა გზა ამ დროისთვის ძალოვანებს აქვთ გადაკეტილი. პოლიციელები პარლამენტის სიახლოვეს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც აქციის მონაწილეები არ არიან.

ცნობისთვის: ძალოვანებმა პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გარდა ამისა, აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს პარლამენტს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა და 37 ადამიანი დააკავა. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს