„პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, ეს არის ჩვენი პასუხიმგებლობა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას აგრძელებს. 

„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პენსიების ზრდას, ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პედაგოგებისთვის, პოლიციელებისთვის ხელფასების და შემოსავლების ზრდას, ეს დაკავშირებულია საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების მომავალთან, ეს დაკავშირებულია შშმ პირებთან. ჩვენ უნდა განვიხილოთ საკანონმდებლო ინიციატივები სასამართლოს შესახებ, ენერგეტიკის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხია დღის წესრიგში. პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, რომ ეს გადაწყვეტილებები იყოს დროულად განხილული და ბოლომდე მიყვანილი, ეს არის ჩვენი პასუხიმგებლობა, ეს არის ის, რა საჯარო ფუნქციაც გვაკისრია ჩვენ“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

მან საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდნენ. 

ცნობისთვის: ამ წუთებში პარლამენტში პლენარულ სხდომა მიმდინარეობს. ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი.

შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ თანამშრომლებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს უშვებენ. 12:00 სთ–ზე ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად პირველი ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში ძალოვანების კორდონის დახმარებით უკვე მივიდა. დღევანდელ პლენარულ სესიას ბოიკოტს უცხადებენ "ევროპული საქაღთველოს", "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წელს 800 კმ. გზის რეაბილიტაცია განახორციელა