ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციას აქციის დაშლისას წყლის ჭავლი არ გამოუყენებია

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით,  25 ნოემბრის აქციის დაშლისას პოლიციას სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი არ გამოუყენებია.

"გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია და გადაიზარდა კანონდარღვევაში, ვინაიდან გაკრვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები ჩამოიყვანეს რუსთაველის გამზირზე. ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის“, -განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის: ძალოვანებმა პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გარდა ამისა, აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს პარლამენტს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა და 37 ადამიანი დააკავა. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
10 დეკემბერს მეგზევეები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ